„ვფიქრობ, მახაჩევი თოფურიას მოერევა, მაგრამ...“ - რა თქვა კორმიემ
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა, ლეგენდარულმა დენიელ კორმიემ თავის იუთუბ არხზე ილია თოფურიას წარმატებაზე ილაპარაკა.
მისი თქმით, ქართველი მებრძოლი ძალიან შთამბეჭდავია.
„ის სულ რაღაც 28 წლისაა და უკვე UFC-ს ორგზის ჩემპიონია, თან მხოლოდ 9 ბრძოლა ჩაატარა ორგანიზაციაში. თოფურია ნამდვილი ვარსკვლავია, ეს ფაქტია. თუ ასე გააგრძელებს, ის მწვერვალზე დიდხანს დარჩება. მჯერა, რომ ქამარს ბევრი წელი შეინარჩუნებს. ვფიქრობ, ისლამი მას მოერევა, მაგრამ ეს მახაჩევისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდა იქნება“, - თქვა კორმიემ.
შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს, „ელ მატადორი“ UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა. UFC 317-ის მთავარ მოვლენაში, ის ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდა და „დუ ბრონქსი“ პირველივე რაუნდში, ნოკაუტით დაამარცხა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ თოფურიამ მახაჩევს გადაუსწრო და UFC-ის P4P რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.