„ამ დემონთან 5 რაუნდი როგორ გაძელი?“ - ქომაგებმა ემეტი გაიხსენეს
2023 წლის 24 ივნისს ილია თოფურიამ ჯოშ ემეტი 5-რაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა. ხუთივე რაუნდში გამარჯვებულად ილია დასახელდა. შეხვედრა ქართველი მებრძოლის დომინირებით მიმდინარეობდა და სრულიად დამსახურებულად, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა - (50-44, 50-42, 49-45).
ემეტი იმ დროს UFC-ში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი იყო და თავის წონაში ტოპ 5-შიც იმყოფებოდა. როგორც მომდევნო ორ წელიწადში გაირკვა, ჯოში იმ უიშვიათეს მებრძოლთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელმაც თოფურიას 5 რაუნდი გაუძლო და თან არ გათიშულა.
ალექსანდრ ვოლკანოვსკის, მაქს ჰოლოვეისა და ჩარლზ ოლივეირას დანოკაუტების შემდეგ, პრესამ და ქომაგებმაც სწორედ ჯოშ ემეტი გაიხსენეს - კაცი, რომელმაც დაუნდობელ „ელ მატადორს“ ოქტაგონზე მთელი 25 წუთი გაუძლო.
ილია იყო დომინანტური და დაუნდობელი, ყველა რაუნდში სოლიდური უპირატესობაც ჰქონდა და ორჯერ მის დაფინიშებასთანაც იყო ახლოს, მაგრამ ემეტი მაინც ბოლომდე ფეხზე იდგა და გონება არ დაუკარგავს.
„არ არის რისკი, არ არის ისტორია“,
- დაპოსტა ემეტმა 29 ივნისს. X-ზე ჯოშის ეს პოსტი ქომაგებმა აიტაცეს და მას თოფურიასთან ბრძოლის დროს გამოჩენილი გამძლეობისთვის პატივისცემა დაუფიქსირეს.
No risk, no story ???????? pic.twitter.com/eJvOq2MCjx
— JOSH EMMETT (@JoshEmmettUFC) June 28, 2025
„როგორ გაუძელი 5 რაუნდს ამ დემონთან?“
„ეს ბრძოლა ეპიკური იყო. ჯოშ, იმის გათვალისწინებით, თუ ვინ გახდა ილია, შეგიძლია კიდევ უფრო იამაყო ამ შესრულებით“.
„პატივისცემა. საუკეთესო ყბა UFC-ში“.
„შესაძლოა, ილიას ყველაზე რთული ბრძოლა გაუმართე, რაც კი აქამდე ჰქონია“.