პანათინაიკოსი გააქტიურდა - მამუკელაშვილის ევროპული ვარიანტი
სანდრო მამუკელაშვილის დამატება „პანათინაიკოსს“ სურს. ავტორიტეტული კატალონიური გამოცემის, Mundo Deportivo-ს ცნობით, „სან ანტონიოსა“ და საქართველოს ნაკრების კალათბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას ათენის კლუბის დირექტორი დიმიტრის იანაკოპულოსი აწარმოებს და დიდი იმედი აქვს, რომ ყველაფერი მათი გუნდისთვის დადებითი შედეგით დასრულდება.
ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუ რატომ დაინტერესდა კატალონიური გამოცემა ქართველი კალათბურთელის ტრანსფერის გაშუქებით - საქმე იმაში გახლავთ, რომ მამუკელაშვილის დამატება შარშან ზაფხულში „ბარსელონას“ სურდა და საკალათბურთო „ბლაუგრანამ“ ამ ვარიანტზე უარი ბოლო მომენტში თქვა. ესპანელი ჟურნალისტები წერენ, რომ სანდროს წინა წელთან შედარებით, თამაშის ხარისხი კიდევ უფრო გაუმჯობესებელი აქვს, რაზეც მის მიერ NBA-ში დამყარებული ყველა დროის რეკორდი მეტყველებს, როდესაც ის გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში 19 წუთში 34 ქულის დაგროვება შეძლო.
ცნობისათვის, სანდრო მამუკელაშვილი გასულ სეზონში „სპურსის“ რიგებში NBA-ში საშუალოდ 11,2 წუთს თამაშობდა და 3-ქულიანებს 37,3-პროცენტიანი სიზუსტით ისროდა. რაც შეეხება „პანათინაიკოსს“, ათენის კლუბი საბერძნეთის 40-გზის ჩემპიონია, ხოლო ევროლიგა 7-ჯერ აქვს მოგებული.