„შესარჩევში კორსანტიას დიდი იმედი მაქვს“ - მათიაშვილის ოპტიმისტური განწყობა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრების მთავარი საზრუნავი ახლა მოახლოებულ ევრობასკეტზე წარმატებული ასპარეზობაა, თუმცა ბუნებრივია გვერდს ვერ ავუვლით 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპსაც, სადაც ორიოდე დღის წინ ჩვენი ქვეყნის გუნდის სამივე მეტოქე გაირკვა და ჯგუფი საბოლოოდ დაკომპლექტდა. რამდენად არსებობს პლანეტის პირველობაზე ზედიზედ მეორედ მოხვედრის შანსები, ამის თაობაზე საკმაოდ საინტერესო კომენტარი ვეტერანმა კალათბურთელმა, რიჩარდ მათიაშვილმა გააკეთა:
„ესპანეთი ლამის ყველა ტურნირზე ჩვენი ოპონენტია. რაც შეეხება დანიას და უკრაინას, მე ვფიქრობ, რომ სრული შემადგენლობით თამაშის შემთხვევაში, გვექნება შანსი მსოფლიოზე კიდევ ერთხელ გავიდეთ. რა თქმა უნდა, სრულ შემადგენლობაში იგულისხმება თორნიკე შენგელიას ჯანმრთელად და ლეგიონერის კარგ ფორმაში ყოფნა.
შესარჩევ ეტაპზე ევრობასკეტისგან განსხვავებით, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი არ გვეყოლება. სანაკრებო კარიერას ასრულებს გიორგი შერმადინიც და შესაბამისად, საჭიროა საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე კალათბურთელების დატვირთვა. მე პირადად გიორგი კორსანტიას დიდი იმედი მაქვს, რომელიც ახლახანს გამართულ ამხანაგურ მატჩებში კარგად გამოიყურებოდა“.
ცნობისათვის, 28 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტზე ასპარეზობას ესპანელებთან მატჩით დაიწყებს. მოქმედი ჩემპიონების გარდა, ჯგუფში ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდის მეტოქე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და კვიპროსი იქნებიან.