ორი ქართველი ერთ გუნდში? | ლეიკერსს გოგას დამატებას ურჩევენ
სანდრო მამუკელაშვილის „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ რეგულარული სეზონის დაწყებამდე დალტონ კნეხტის გაცვლას აპირებს და მისი გადაყვანის მსურველებს ეძებს. ამერიკულმა გამოცემამ, Heavy.com-მა „ლეიკერსს“ ურჩია, კნეხტი „ორლანდო მეჯიქს“ გოგა ბითაძეში გაუცვალოს.
„რეგულარული სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩება და „ლეიკერსი“ დალტონ კნეხტის გაცვლაზე აქტიურად მუშაობს. მასთან დაკავშირებით ტრიალებს ერთი საინტერესო ტრეიდის იდეა, რომელიც ჯეი ჯეი რედიკის გუნდს ცენტრის პოზიციაზე როტაციის გაძლიერებაში დაეხმარება.
ლოს-ანჯელესელები კნეხტს დათმობენ, სანაცვლოდ კი გოგა ბითაძეს მიიღებენ. „ლეიკერსს“ დამზღვევი ცენტრი სჭირდება, რადგან უოკერ კესლერი და კევონ ლუნი ტრავმებისკენ არიან მიდრეკილნი და გასულ სეზონში ჯამში სულ რაღაც 26 შეხვედრა ჩაატარეს.
ბითაძე შოუს ვერ დადგამს, მაგრამ ფუნდამენტური თვისებების მქონე კალათბურთელია, რომელიც ბლოკებს შესანიშნავად აყენებს და სამწამიანში ძალისმიერად თამაში შეუძლია. გოგა ფარის კარგი დამცველია — გასულ სეზონში, როდესაც პარკეტზე საშუალოდ სულ რაღაც 15.2 წუთს ატარებდა, 1 დაფარებასა და 5 მოხსნას აგროვებდა.
ბითაძეს არ უჩვენებია, რომ შეუძლია პერიმეტრზე მეტოქე გამთამაშებელზე გადავიდეს და მის წინააღმდეგ კარგი დაცვა ითამაშოს, თუმცა როდესაც „პიკ-ენ-როლის“ შემდეგ გამთამაშებელზე გადასვლის ნაცვლად სამწამიანისკენ იხევს, საიმედოდ თამაში შეუძლია. გოგა ძალიან ეფექტური მექულეცაა — გასულ სეზონში თამაშიდან სროლის კარიერის სარეკორდო მაჩვენებელი, 67.6% დააფიქსირა. „ლეიკერსი“ რეალურად მხოლოდ მოგებული დარჩება, თუ უკმაყოფილო აქტივს — კნეხტს, რომელსაც კონტრაქტის ბოლო წელი აქვს, მოტივირებულ ბითაძეში გაცვლის“, — წერს გამოცემა.
ცნობისთვის, „ლეიკერსისთვის“ NBA-ის ახალი სეზონი 22 ოქტომბერს დაიწყება — მამუკელაშვილის გუნდი საკუთარ კედლებში „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდება. რაც შეეხება „ორლანდო მეჯიქს“, ბითაძის გუნდის პირველი მეტოქე „ატლანტა ჰოუქსია“.