ახალი დარბაზი და მსოფლიო ბრენდი - თბილისმა რეალის კემპს უმასპინძლა
უკანასკნელ წლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საკალათბურთო თვალსაზრისით უამრავი სიახლით გამოირჩევა, რისი დასტურიც სულ ახლახანს გამართული ღონისძიება იყო, რომელიც არსებული რეალობის თვალსაზრისით, არამხოლოდ შიდა ასპარეზზე მნიშვნელოვანი, არამედ საერთაშორისო და რეგიონალური თვალსაზრისით უნიკალური მოვლენა გახლდათ.
10-დან 14 სექტემბრის ჩათვლით, თბილისში, რეგიონში პირველად „რეალის“ საკალათბურთო კემპი გაიმართა. ხუთი დღის განმავლობაში ქართველმა მოზარდებმა ვარჯიშები Real Madrid Foundation-ის მწვრთნელებთან ერთად გაიარეს. ღონისძიების მასპინძელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და მისი ახალი სპორტული კომპლექსი იყო. ახალგაზრდა კალათბურთელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ხუთი დღის განმავლობაში პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად ევარჯიშათ, განვითარებულიყვნენ და ახალი გამოცდილება მიეღოთ. მონაწილეებმა ფონდის მიერ სპეციალურად შემუშავებული სპორტულ-საგანმანათლებლო მეთოდოლოგიით ისარგებლეს, რომელიც კალათბურთის ტექნიკურ და სპორტულ განვითარებას სპორტის ღირებულებებზე დაფუძნებულ განათლებასთან აერთიანებს.
კემპის მიზანი ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მათი სპორტული უნარების განვითარება და ისეთი მნიშვნელოვანი ღირებულებების გაძლიერება, როგორიცაა გუნდურობა, დისციპლინა, პასუხისმგებლობა და პატივისცემა. აქვე გეტყვით, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის საკალათბურთო სიახლეები ამით არ ამოიწურება - უნივერსიტეტის მთავარი გუნდი სულ მალე ევროპის ჩრდილოეთ ლიგაში იასპარეზებს, რაც ქართული საკლუბო კალათბურთის განვითარებისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.