„არ არსებობს მაგარი აგენტი, არსებობს მაგარი ფეხბურთელი“ - სატრანსფერო ინფორმაციები ქართველ მოთამაშეებზე
ლიცენზირებული საფეხბურთო სააგენტო Bene-Sports Management-ი 2020 წლის 1 ივნისს დაარსდა და ქართულ ფეხბურთში ოპერირება დაიწყო, რომლის სულისჩამდგმელიც წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელი ირაკლი ლილუაშვილი გახლდათ. როგორც თავად ლილუაშვილი აცხადებს, თავდაპირველად მათი მთავარი ფუნქცია არა ტრანსფერების განხორციელება, არამედ ფეხბურთელების მოძიება და სკაუტინგი იყო. უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში სააგენტომ 20-მდე ფეხბურთელთან ითანამშრომლა და ოცდაათამდე ტრანსფერი განახორციელა, რაც ცუდი მაჩვენებელი ნამდვილად არ არის. ახლა, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, დასკვნების გასაკეთებლად და სხვადასხვა მოთამაშეებზე სასაუბროდ იდეალური დროა. Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ირაკლი ლილუაშვილმა თითქმის ყველა იმ ცნობილ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა, რომელთაც Bene Sports-სთან აქვთ კონტრაქტები გაფორმებული და მისი ნალაპარაკებიდან გულშემატკივარი საკმაოდ ბევრ ახალ ამბავს შეიტყობს.
ლუკა გაგნიძეზე
ლუკასთან დაკავშირებით ცოტა რთული სიტუაციაა და კომენტარების გაკეთების დროს ცოტა სიფრთხილეს გამოვიჩენ. როდესაც „გრანადასთან“ საიჯარო ხელშეკრულება გავაფორმეთ, ამ კლუბის ხელმძღვანელები მიზნად ლა ლიგაში გადასვლას ისახავდნენ, რადგან თვლიან, რომ ისეთი რეგიონისა და ქალაქის გუნდია, რომელიც ელიტაში აუცილებლად უნდა თამაშობდეს. დაიწყო ჩემპიონატი და ძალიან ბევრი ქულები დაკარგეს, რის გამოც შიგნით ისეთი პანიკა შეიქმნა, რომ მთავარი მწვრთნელი ვარჯიშებზე ინგლისურ ენაზე არ საუბრობდა და მხოლოდ ცალკეულ მოთამაშეებთან კონტაქტობდა. ლუკას რაღაც მომენტებში მისცეს დრო და ამ პერიოდში რომ ვერ მოიგეს მატჩები, მწვრთნელი ადგა და თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფი რამდენიმე უფრო გამოცდილი ესპანელი ფეხბურთელი დაიმატა, რის შემდეგაც გაგნიძეს ნდობა შეუმცირდა. დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ ანდალუსიელებს ქართველი პერსპექტივაზე გათვლით ჰყავდათ დამატებული - ისინი დარწმუნებულნი იყვნენ ლა ლიგაში დაწინაურებაში და ამის შემდეგ უნდოდათ მოსკოვის „დინამოდან“ მისი ტრანსფერის გამოსყიდვა. ლა ლიგაში აღზევდა კი არა, „გრანადა“ სეგუნდადან დაქვეითებასაც სასწაულით გადაურჩა. შედეგად დაგვიმთავრდა იჯარა, დავბრუნდით რუსეთში, გამოვიყენეთ ყველა რესურსი კონტრაქტის გასაწყვეტად, მაგრამ არაფერი გამოვიდა და ლუკა იძულებული გახდა მინიმუმ ზამთრამდე დარჩენილიყო. ივარჯიშებს, იბრძოლებს ადგილისთვის და რაღაც თამაშები იმედი გვაქვს რომ მიეცემა.
ლუკა ლაცაბიძეზე
ლაცაბიძის ამბავიც ძალიან საინტერესოა და გაგნიძის ისტორიას გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე იყო, როდესაც საფრანგეთში გიორგი ქვილითაიას „მეცში“ გადასვლის ამბების მოსაგვარებლად ვიყავი ჩასული. პარალელურად, ლაცაბიძისთვის გამოჩნდა „კადისის“ ვარიანტი, მაგრამ „შახტართან“, რომელიც მის სატრანსფერო უფლებებს დღემდე ფლობს, გარკვეულ ნიუანსებზე ვერ შევთანხმდით. რადგანაც ესპანური ვარიანტი ჩაიშალა, გავაცოცხლეთ დანიის „ვეილეს“ თემა, რომელიც ლუკათი მანამდეც ინტერესდებოდა და შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი 24 საათში გადაწყდა. აქაც იყო პრობლემა კომუნიკაციის და როგორი ცივი კლიმატიც არის, ისეთივე ცივი ადამიანები არიან. გუნდი აგებდა, ლაცაბიძეს წინასასეზონო შეკრებაც არ ჰქონდა გავლილი და შანსი არ მისცეს. არადა, გასაგებად ავუხსენით, რომ ბიჭი ახალგაზრდული ნაკრების წევრი და ეროვნულ გუნდში მოხვედრის კანდიდატი იყო, მაგრამ ალბათ ვიჩქარეთ და ამ სწრაფად განხორციელებულმა ტრანსფერმა ცუდი შედეგი მოგვცა. ახლა ლუკა არის „ტორპედოში“ ეგრეთწოდებული მშრალი იჯარით და მშობლიური გარემოა, რაც მას ნამდვილად სჭირდებოდა. სჭირდებოდა გადატვირთვა „შახტარში“ განცდილი იმედგაცრუების გამო, იქ მერე იჯარით „ჩერნომორეცში“ იყო, სადაც ფეხბურთი კი არა, რუსებმა პირდაპირ ამ კლუბის ბაზა დაბომბეს. ქუთაისში ძალიან კარგად გრძნობს თავს, „ტორპედოს“ მისი ტრანსფერის გამოსყიდვის სურვილი აქვს და როგორ მოვაგვარებთ საქმეებს „შახტართან“, ამას დრო გვაჩვენებს.
ნოდარ ლომინაძეზე
ნოდარს „ეშტორილში“ მართლაც ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა, ძირითადში ხვდებოდა, ფეხბურთელის მხრიდან ყველაფერი კეთდებოდა, მაგრამ მწვრთნელს მეტი გასაქანი უნდა მიეცა და უფრო მეტი ნდობა უნდა გამოეცხადებინა. შემდეგ მწვრთნელიც შეიცვალა და სპორტული დირექტორიც და რადგანაც ვერ დავინახეთ ის გარანტიები, რომ თამაში მოუწევდა, ლომინაძე ისეთ ასაკშია, ვარჩიეთ მიგვეღო გადაწყვეტილება და ისეთი კლუბი მოგვეძებნა, სადაც თავის გამოჩენის შანსს მისცემდნენ. ვაღიარებ, პირადად მე ძალიან მინდოდა პორტუგალიაში დარჩენილიყო, მაგრამ ჩვენთვის მაინც ყველაზე მთავარი თავად ფეხბურთელის სურვილი და მისთვის კომფორტის შექმნაა. ნოდარი ამბიციური ადამიანია და თვლის, რომ ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მუდმივი სათამაშო პრაქტიკაა. შედეგად, მივიღეთ „ტორპედოს“ წინადადება, რომელმაც მისი ტრანსფერი „ეშტორილიდან“ სრულად გამოისყიდა.
ალექსანდრე კალანდაძეზე
ლომინაძის მსგავსად, სანდროც Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში იგივე მოტივით დაბრუნდა. უმაგრესი ბიჭი და მშვენიერი ადამიანია. წავიდა იმიტომ, რომ პოლონეთის ჩემპიონატში თამაში გამოეცადა და უფრო მაღალ დონეზე ასასვლელად ექსტრაკლასა ტრამპლინად გამოეყენებინა. როდესაც კალანდაძე პლოცკის „ვისლაში“ ჩავიდა, მისი კონკურენტი ვინც იყო, იტალიის სერია A-ში გაყიდეს, მაგრამ ამისდა მიუხედავად თავის გამოჩენის შანსს მაინც არ აძლევდნენ. მე სანდროსაც ვურჩევდი დარჩენას, ვეუბნებოდი, რომ მაინც აჯობებდა ევროპაში ყოფილიყო და ვარჯიშებზე დაემტკიცებინა საკუთარი უპირატესობა, მაგრამ როცა ხედავს, რომ ეს გარემო მისთვის ჯანსაღი აღარ არის, რა თქმა უნდა უმჯობესია სამშობლოში დაბრუნდეს.
ლაშა დვალზე
გამოცდილი, ჭკვიანი, მშრომელი ფეხბურთელია და რა თქმა უნდა ბულგარეთის ჩემპიონატზე უკეთესი გვინდოდა მისთვის და ანალოგიურად სურდა მის აგენტს ლაშა ოდილაძესაც, მაგრამ ხანდახან ხდება, რომ უკეთესის მოლოდინში აღარაფერი გამოდის. ჰქონდა დვალს მეორე ბუნდესლიგიდანაც ვარიანტები, მაგრამ ამბიციებიდან გამომდინარე, მაინც სოფიის „ცსკა 1948“ ვარჩიეთ, რომელსაც სულ ცოტა დააკლდა რომ კონფერენს ლიგის ჯგუფში მოხვედრილიყო. ცუდი კლუბი ნამდვილად არ არის, თანაც ლაშა უკვე ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა, თანაგუნდელები უდიდეს პატივს სცემენ და კაპიტნად აირჩიეს.
გიორგი გოჩოლეიშვილზე
საკუთარ თავს არ ვიქებ, მაგრამ „შახტარს“ რომ ფეხბურთელის იჯარაზე მესამედ დაითანხმებ, ეს ნამდვილად მიღწევაა. „კადისი“ და ესპანეთის სეგუნდადივიზიონი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უფრო მაღალ დონეზე მოსახვედრად ისეთი კარგი ტრამპლინია, უკეთესს რომ ვერ ინატრებ. გოჩოლეიშვილზე მინდა ვთქვა - უკვე ჩავლილი ამბავია, მაგრამ მისმა ოჯახმა ისეთი სირთულეები გადაიტანა, ფეხბურთში ამასაც რომ ახერხებს, ეს უპირობო სასწაულია. გიორგიც და მისი მეუღლეც საოცარი, რკინის ადამიანები არიან, რომელთაც უმძიმესი პერიოდი გამოიარეს და ყველაფერი ღირსეულად გადალახეს. დარწმუნებული ვარ, ეს სეზონი „კადისში“ მისთვის ძალიან მაგარი იქნება და არსებობს მისი გამოსყიდვის ოფციაც, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ ეს კლუბი ლა ლიგაში აღზევდება.
ნიკოლოზ გაგნიძეზე
არ დავმალავ და ალბათ არავის არ ეწყინება თუ ვიტყვი, რომ გასული სატრანსფერო ფანჯრის დროს ჩემთვის პრიორიტეტული ნიკოლოზ გაგნიძის კარგ კლუბში მოწყობა იყო, რადგან უზომოდ კარგი პიროვნებაა. „კოლოსის“ ქართველ ნახევარმცველს შემოთავაზებები ჰქონდა პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, სლოვენიიდან, მაგრამ მას ჩემთვის ნათქვამი აქვს, რომ მატერიალური კუთხე მისთვის მეორეხარისხოვანია და სურს საფეხბურთო ქვეყანაში გადასვლა. იმდენად დიდი ჟინი აქვს ამის, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში მოხვდება ისეთ კლუბში, როგორსაც იმსახურებს.
ცნობისათვის, უახლოეს მომავალში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებას დაიწყებს, რომელიც ევროპის 2028 წლის ჩემპიონატზე მოსახვედრად პირველი შანსი იქნება. 25 სექტემბერს ქართველი ფეხბურთელები ჩრდილოეთ ირლანდიას, ხოლო სამი დღის შემდეგ უკრაინას უმასპინძლებენ, რასაც ოქტომბრის დასაწყისში უნგრელებთან და ჩრდილოეთ ირლანდიელებთან გასვლითი თამაშები მოჰყვება.