930-ე გოლი, 75-ე ჯარიმა | მესიმ და სუარესმა გაიტანეს, ინტერ მაიამიმ ვერ მოიგო
ლიონელ მესისა და ლუის სუარესის „ინტერ მაიამიმ“ MLS-ში ზედიზედ მეოთხე ფრე ითამაშა. ფლორიდული კლუბი „ენიუ სთედიუმზე“ „სან დიეგოს“ დაუპირისპირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს — 2:2.
მატჩში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და მე-12 წუთზე ანდერს დრეიერის გოლით დაწინაურდნენ. „ინტერ მაიამიმ“ წონასწორობა მალევე აღადგინა — 23-ე წუთზე მესიმ გაიტანა და „სან დიეგოს“ კარი საჯარიმო დარტყმით აიღო.
75-ე წუთზე სუარესის ჯერი დადგა. ურუგვაელმა თავდამსხმელმა როდრიგო დე პოლის გადაცემით ისარგებლა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა, თუმცა 82-ე წუთზე დრეიერმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„სან დიეგოს“ კარში გატანილი გოლი მესისთვის კარიერაში 930-ე, „ინტერ მაიამიში“ კი 101-ე გახლდათ. „ლა პულგას“ 75 ჯარიმა აქვს გატანილი და ყველა დროის რეკორდსმენს, მარსელინო კარიოკას, მხოლოდ სამი გატანილი ჯარიმით ჩამორჩება. მესი 20 გოლით ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილს იკავებს და 13 საგოლე გადაცემით, სონ ჰიონ-მინთან ერთად, საუკეთესო ასისტენტიცაა.
ცნობისთვის, „ინტერ მაიამის“ 46 ქულა აქვს და MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე პოზიციას იკავებს. ფლორიდული კლუბი პირველადგილოსან „ნეშვილს“ 11 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრა 28 სექტემბერს, „კოლამბუს ქრიუს“ წინააღმდეგ ელოდება.