„ევრობასკეტზე კარგი თამაში გადამდები იქნება“ - ტუღუში კენჭისყრის შედეგებზე
28 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრობასკეტის გათამაშებას დაიწყებს, შემოდგომიდან კი ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებული გუნდი მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე უკრაინა, დანია და ესპანეთი იქნება. რამდენად შეძლებს დასახული მიზნის მიღწევას ჩვენი ქვეყნის გუნდი და ზედიზედ მეორედ პლანეტის პირველობაზე გასვლას, ამასთან დაკავშირებით ვეტერანმა კალათბურთელმა და „ქუთაისი 2010“-ის მთავარმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საინტერესოდ ისაუბრა:
„ახლა როგორც ნაკრების წევრების, ასევე ჩვენი, კალათბურთის გულშემატკივრების მთელი ყურადღება ევრობასკეტისკენ არის მიპყრობილი. თუმცა, ჩემი აზრით, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ გამოვალთ კონტინენტის პირველობაზე, რადგან გოგა ბითაძე, სანდრო მამუკელაშვილი და სხვა ლიდერები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ვეღარ დაგვეხმარებიან, საკუთარი თავდადებით ახალგაზრდა თანაგუნდელებს კარგ მაგალითს მისცემენ, რომ შეუძლებელი არაფერია.
ცოტა ხნის წინ დანიელებთან საკმაოდ დრამატული მატჩები გვქონდა, გვაქვს უკრაინელებთან ასპარეზობის საკმაოდ მდიდარი გამოცდილებაც. რაც შეეხება ესპანეთს, ამ გუნდზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია. იოლი მეტოქეები არ არიან, თუმცა ბრძოლა ნამდვილად არის შესაძლებელი“.
ცნობისათვის, ესპანელებს ქართველი კალათბურთელები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სამჯერ შეხვდნენ. უცხო მეტოქე არც დანიაა და სწორედ ამ გუნდის დამარცხებით მოიპოვა ჩვენი ქვეყნის გუნდმა ზედიზედ მეექვსედ ევროპირველობის საგზური, ხოლო უკრაინელებთან გამართული ექვსიდან თამაშიდან ოთხი ქართველებმა მოიგეს და ორჯერ მეტოქემ გაიმარჯვა.