ბოლო ამხანაგური მატჩი ევრობასკეტამდე | საქართველომ ჩეხეთთან წააგო
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის დაწყებამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი ჩეხეთს მეორედ დაუპირისპირდა და პირველი მატჩის მსგავსად (83:103), მეორედაც წააგო.
პირველი მეოთხედი მაღალშედეგიანი გამოდგა და ჩეხეთმა ერთი ქულით, 28:27 იმარჯვა. მეორე პერიოდში მათი უპირატესობა გაიზარდა და დიდ შესვენებაზე 42:55-ს ვაგებდით. მესამე მეოთხედ ფრედ, 26:26 დასრულდა, ბოლო ათწუთეულში კი თამაშში გარდატეხა ვერ შევიტანეთ და ზედიზედ მეექვსე ამხანაგური მატჩი დავთმეთ - 87:100.
საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო სანდრო მამუკელაშვილი იყო - 22 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა. ბექა ბურჯანაძემ 14 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. დუდა სანაძესა და გიორგი შერმადინს 13-13 ქულა ჰქონდათ. ჩეხეთთან მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ გოგა ბითაძეს, ალექსანდრე ფევაძესა და თორნიკე შენგელიას.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის C ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები მასპინძელი კვიპროსი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნებიან. ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდი მერვედფინალში გავა და პლეი ოფის სათამაშოდ ლატვიის დედაქალაქ რიგაში გადაინაცვლებს.