ფრენსის ნგანუ
Aa
Aa

„ექიმებმა მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იყო“ | ნგანუმ ტრაგედიის დეტალებზე ისაუბრა

ფრენსის ნგანუ არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო და ტრაგედია გაიხსენა, რომელსაც 17 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. ნგანუ მოტოციკლით მოძრაობდა, როდესაც ბრიჯიტ ნცამას დაეჯახა. კამერუნელმა მებრძოლმა გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანა და ექიმებმა განუცხადეს, რომ მის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრებოდა, თუმცა ოპერაციისას გართულებები წარმოიქმნა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„დედაჩემის სახლისკენ მივდიოდი და დავინახე გოგონა, რომელიც გზაზე გადასვლას ცდილობდა. სამზოლიანი გზა იყო და შევამჩნიე, რომ ისე გადადიოდა, ჩემკენ არ გამოუხედავს. მინდოდა, გვერდი ამევლო, რადგან სწრაფად მოძრაობდა, თუმცა ბოლო მომენტში შემოტრიალდა, დამინახა და გაშეშდა.

რამდენიმე წამი მქონდა. გვერდის ავლა თითქმის გამომივიდა და მოტოციკლის მარცხენა ნაწილით დავეჯახე. მოტოციკლიდან არც კი გადმოვვარდნილვარ, ის კი წაიქცა და გადავწყვიტე, გადმოვსულიყავი. ხელში ავიყვანე, ტაქსიში ჩავსვი და საავადმყოფოში წავიყვანე. წვივის ძვალი ჰქონდა დაზიანებული და როდესაც მანქანიდან გადმოვიყვანე, გონზე იყო და ტკივილს გრძნობდა.

საავადმყოფოში შევიყვანე და მითხრეს, რომ ყველაფერი კარგად იყო. მიუხედავად ამისა, ორი საათი დაველოდე, სანამ ხალხი არ მოვიდა. წასვლამდე, დამარწმუნეს, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა და საკუთარ თავს ვუთხარი: „შეიძლებოდა, ყველაფერი გაცილებით უარესად ყოფილიყო.“

ექიმებთან კონტაქტი მქონდა და ტესტების შემდეგ, მითხრეს, რომ გოგონა თავს კარგად გრძნობდა. მომდევნო ორი დღის განმავლობაში კარგად იყო და ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა, რის შემდეგაც თვალი ვეღარ გაახილა. ასე უბრალოდ... ახლაც ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა...

საშინელი შეგრძნება დამეუფლა... უძილო ღამეები მქონდა და დღემდე ვფიქრობ, რის გაკეთება შემეძლო, რათა ეს ყველაფერი თავიდან ამერიდებინა. მისი ოჯახის წევრებთან დიალოგი მქონდა და მითხრეს, არაუშავს, ინციდენტი მოხდა, მაგრამ ვნახეთ, ჩვენი გოგონასთვის როგორ იბრძოდიო...“

ცნობისთვის, ნგანუმ ნცამას სამედიცინო ხარჯები დაფარა და ტრაგედიის შემდეგ, გოგონას ოჯახს მაქსიმალურად დაეხმარა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო მარცხენა გარემარბები | რომელზეა კვარა Sports Illustrated-ის რეიტინგში
საუკეთესო მარცხენა გარემარბები | რომელზეა კვარა Sports Illustrated-ის რეიტინგში