ვის უნდა დავაკვირდეთ ევრობასკეტზე | FIBA-ს რჩეულთა შორის ორი ქართველია
FIBA-მ დაასახელა 25 კალათბურთელი, რომელთა თამაშსაც მოახლოებულ ევრობასკეტზე განსაკუთრებით უნდა ვადევნოთ თვალი. რჩეულთა შორის საქართველოს ნაკრების ორი წარმომადგენელი — გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი მოხვდნენ.
„მამუკელაშვილი ევრობასკეტზე მოთამაშე ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი მაღალია. კარგი მაჯისა და სამწამიან ზონაში ბრძოლისუნარიანობის წყალობით, სანდრო ნებისმიერი გუნდისთვის კოშმარული მეტოქე იქნება. თავისი პოზიციისთვის, ის ბურთს იშვიათად კარგავს და, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში, თითქმის ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებს. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა კალათბურთელები მას აუცილებლად უნდა დააკვირდნენ. გასულ ევრობასკეტზე მამუკელაშვილი საშუალოდ 15.1 ქულასა და 11 მოხსნას აგროვებდა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რთულ ჯგუფშია, მას შეუძლია, უკეთესი სტატისტიკით გამოირჩეს და პროგრესი აჩვენოს,“ - წერია სანდროზე.
„თუ მამუკელაშვილის თამაში თანამედროვე კალათბურთს უკეთ ერგება, გოგა ბითაძე ტრადიციული მაღალია, რომელსაც კარგი სროლის წყალობით, შეუძლია, მეტოქისთვის სერიოზულ საფრთხედ იქცეს. ბითაძის მთავარი სიძლიერე სამწამიანში თამაშია. ის მრავალმხრივი ცენტრია, რომელიც საკუთარი ფარის დაცვითაა ცნობილი და პიკ ენდ როლების დროსაც ბრწყინვალე დაცვას თამაშობს. ამას ემატება ქულების აღების უნარი, როგორც სამწამიანში, ისე პერიმეტრიდან, რის გამოც ის საქართველოს ნაკრების საკვანძო მოთამაშეა. გასულ ევრობასკეტზე მისი საშუალო 10 ქულა და 6.3 მოხსნა იყო,“ - ნათქვამია გოგაზე.
ბითაძისა და მამუკელაშვილის გარდა, FIBA-მ ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი), იანის ანტეტოკუნმპო (საბერძნეთი), ლუკა დონჩიჩი (სლოვენია), კრისტაპს პორზინგისი (ლატვია), ლაური მარკანენი (ფინეთი), ფრანც ვაგნერი (გერმანია), ნიკოლა ვუჩევიჩი (მონტენეგრო), იონას ვალანჩუნასი (ლიეტუვა), იუსუფ ნურკიჩი (ბოსნია და ჰერცეგოვინა), ალპერენ შენგუნი (თურქეთი), დენი ავდია (ისრაელი), დენის შროდერი (გერმანია), ბოგდან ბოგდანოვიჩი (სერბეთი), სანტი ალდამა (ესპანეთი), სიმონე ფონტეკიო (იტალია), ჯედი ოსმანი (თურქეთი), ჯანან მუსა (ბოსნია და ჰერცეგოვინა), გერშონ იაბუსელე (საფრანგეთი), ალექს სარი (საფრანგეთი), ზაკარი რისაშე (საფრანგეთი), ვიტ კრეიჩი (ჩეხეთი), ნიმაის ქუეტა (პორტუგალია) და პელი ლარსონი (შვედეთი) გამოარჩია.