შანსს ის მიიღებს, ვისაც სათამაშო დრო ექნება | ვილი ხარატიშვილზე დასმულ კითხვაზე
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მიმდინარე წელს, მარტსა და ივნისში 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, სანიოლმა ისრაელთან, ლიეტუვასთან და რუმინეთთან გიორგი მამარდაშვილმა ათამაშა, ბაჰრეინთან სასტარტოში ლუკა გუგეშაშვილი იყო, 81-ე წუთზე დავით კერესელიძემ შეცვალა. მარტსა და ივნისში გამართული მატჩებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ მამარდაშვილი საუკეთესო ფორმაში არაა. აქედან გამომდინარე, შესაძლოა სექტემბერში სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდეს, მით უმეტეს მაშინ, თუ გუგეშაშვილი და ხარატიშვილი პროგრესს გააგრძელებენ, ხოლო კერესელიძე კარიერას უცხოეთში გააგრძელებს და ახალ გუნდში სექტემბრის სანაკრებო მატჩებისთვის სათამაშო დროს მიიღებს.
ბაჰრეინთან მატჩის შემდეგ ვილი სანიოლს ლუკა ხარატიშვილის შესახებ ვკითხე, რომელსაც ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა, განსაკუთრებით პროდუქტიული სეზონის მეორე ნახევარი გამოვიდა, როცა გუნდს გადამწყვეტ მატჩებში დაეხმარა, ელიტაში ადგილის შეინარჩუნებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
კითხვაზე, ხარატიშვილის პროგრესის ფონზე უახლოეს მომავალში ხომ არ გეგმავს მეკარეთა სიის გადახედვას, სანიოლის პასუხი ასეთი იყო: „ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე რამდენად ექნება სათამაშო დრო თითოეულ მეკარეს. ვისაც სათამაშო დრო ექნება, შანსიც მას მიეცემა. შესაბამისად, ყველა მეკარეს დავაკვირდებით".

ჯერ ლუკა ხარატიშვილი ეროვნული ნაკრების შეკრებაზე არ ყოფილა, თუმცა ჩეხეთის ჩემპიონატის დონისა და ლუკას პროგრესის გათვალისწინებით როგორც მინიმუმ მესამე მეკარის სტატუსს იმსახურებს. ზოგადად, სანიოლისთვის დაგვიანებული გადაწყვეტილებები დამახასიათებელია. მაგალითად, ირაკლი იეგოიანი, რომელსაც ნიდერლანდებში ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა, მარტის ამხანაგური მატჩებისთვის არ გამოიძახა, ივნისის შეკრებაზე იხმო და გამოჩნდა, რომ ნაკრებში არსებული კონკურენცია გააძლიერა, შანსს უფრო ადრე იმსახურებდა.
ლუკა ხარატიშვილს ჩეხურ პარდუბიცეში საკმაოდ პროგრესირებადი სეზონი ჰქონდა, სეზონის პირველ ნახევარში სასტარტოდან იაჰიმ სერაკი ამოაგდო. ზამთარში კონკურენტად ალეშ მანდოუსი მოუყვანეს, რომელსაც ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. ლუკამ კონკურენცია მასაც მოუგო და გუნდის პირველი მეკარე გახდა. საბოლოოდ, პარდუბიცემ საიჯარო ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტი აამოქმედა, ლუკა ბათუმის დინამოდან გამოისყიდა და 1,90 მ. სიმაღლის მეკარე პარდუბიცეს საკუთრება გახდა.
ლუკამ ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, 11-დან 3-ში გოლი არ გაუშვა და სიგმა ოლომოუცთან პენალტი მოიგერია. ასევე, ჩეხეთის თასის ორ მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა.