მანუჩარ მარკოიშვილი
Aa
Aa

მონაკო სერიაში დაწინაურდა - მარკოიშვილის გუნდს ფინალამდე ერთი მოგება აშორებს

მონაკო საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალური სერიის მესამე შეხვედრაში სტუმრად ნანტერი 83:61 დაამარცხა და სერიაში 2:1 დაწინაურდა.

მატჩის დასაწყისში მასპინძლებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს მეტოქეს და პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ამის შემდეგ მონაკომ თამაშზე სრული კონტროლი დაამყარა. სტუმრები დაცვაში საიმედოდ მოქმედებდნენ და შეტევაშიც მაღალი პროცენტით თამაშობდნენ, რის შედეგადაც უპირატესობა ეტაპობრივად გაზარდეს და შეხვედრა დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ მონაკო კვლავ ორი მნიშვნელოვანი მოთამაშის — მაიკ ჯეიმსის და ნიკოლა მიროტიჩის გარეშე ასპარეზობდა, თუმცა ამან გუნდის შედეგიანობაზე გავლენა ვერ მოახდინა.

გამორჩეული მატჩი ჩაატარეს ელი ოკობომ და მეთიუ სტრაზელმა, რომლებმაც 23 და 21 ქულა დააგროვეს და მონაკოს გამარჯვებაში მთავარი წვლილი შეიტანეს.

ნახევარფინალური სერია სამ გამარჯვებამდე გრძელდება და მონაკოს ფინალში გასასვლელად მხოლოდ ერთი მოგება აშორებს. სერიის მეოთხე მატჩი 8 ივნისს კვლავ ნანტერის მოედანზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მანუჩარ მარკოიშვილმა და სერგეი გლადირმა მონაკოს მთავარი მწვრთნელის მოვალეობა მიმდინარე წლის მარტში ჩაიბარეს. მათ პოსტზე ვასილის სპანულისი შეცვალეს, რომლის სამწვრთნელო შტაბშიც მანამდე თავად მუშაობდნენ. ქართველი სპეციალისტის ხელმძღვანელობით მონაკო უკვე საფრანგეთის თასის გამარჯვებული გახდა და ახლა ეროვნული ჩემპიონატის ტიტულისთვისაც იბრძვის.

მსგავსი სიახლეები