„განვითარდნენ და წინსვლა აქვთ“ - მონტელა საქართველოს ნაკრებზე
თურქეთის საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა სექტემბრის სანაკრებო პაუზის წინ პრესას ესაუბრა. იტალიელი სპეციალისტი თავისი გუნდის, მთლიანად ჯგუფისა და მეტოქეების მდგომარეობას შეეხო.
„ეს არის ტურნირი, სადაც 24 წელია არ გვითამაშია. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოვხვდეთ.
პირველი თამაში (4 სექტემბერს) საქართველოს წინააღმდეგ გვექნება, ძალიან მნიშვნელოვან მეტოქესთან. ვხედავთ, როგორ განვითარდნენ ისინი ბოლო დროს და როგორ წინ წავიდნენ როგორც გუნდი. ევროპის ჩემპიონატთან შედარებით, ახლა უკვე უფრო ჩამოყალიბებული შემადგენლობა ჰყავთ. პირველი შეხვედრიდანვე ჩვენი მთელი კონცენტრაცია და ენერგია ამაზე იქნება მიმართული.
სრულიად ნორმალურია, რომ ჩვენზე ზეწოლაა. თურქეთის მსგავსი ქვეყანა ყოველთვის უნდა ისახავდეს დიდ მიზნებს. ფეხბურთელები მაქსიმალურად კარგად უნდა მოვამზადოთ. ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად.
რაც შეეხება მთლიანად ჯგუფს, პირველი კალათიდან შეგვხვდა ესპანეთი – ევროპის ჩემპიონი. მესამე კალათიდან – საქართველო, ძლიერი ოპონენტი. მეოთხედან – ბულგარეთი, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა მოაგროვა. ობიექტურად, ერთ-ერთ ყველაზე რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ეს ჩვენთვის არაფერს ცვლის. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ წინ“.
- ციტირებს მონტელას სიტყვებს Anadolu Agency.
შეგახსენებთ, რომ თურქეთი 2026 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპს 4 სექტემბერს თბილისში საქართველოს წინააღმდეგ მატჩით დაიწყებს. 7 სექტემბერს კი ესპანეთს უმასპინძლებენ. პარალელურად ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთს მიიღებს.