„თუ მოთხოვნები დაკმაყოფილდება“ - ფრანგული მედია ზურიკოს მომავალზე
თუ რომელიმე კლუბი „სენტ-ეტიენის“ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი არ დაიბლოკება. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა EVECT-ი წერს.
„მთელი ზაფხულის განმავლობაში ლიგა 1-დან გავარდნილი „სენტ-ეტიენი“ შემადგენლობის ოპტიმიზაციით იყო დაკავებული. გუნდი 13-მა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა ეს არ ეხება „მწვანეების“ მთავარ აქტივებს - ლუკა სტასენს და ზურიკო დავითაშვილს.
მთავარი მწვრთნელი ეირიკ ჰორნელანდი ამ ორი შემტევის გაყიდვის წინააღმდეგია, თუმცა თუ რომელიმე კლუბი „სენტ-ეტიენის“ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ბელგიელმა ან ქართველმა შესაძლოა გუნდი დატოვონ. ამ დროისთვის კლუბს ოფიციალური წინადადება სტასენთან ან დავითაშვილთან დაკავშირებით არ მიუღია, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ასეთი შესაძლებლობის გამორიცხვა არ შეიძლება“.
ცნობისთვის, ზურიკომ ახალ სეზონში „სენტ-ეტიენის“ ორივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, „როდეზთან“ მატჩში კი თავი გოლით გამოიჩინა.
მთელი ზაფხულის განმავლობაში ზურიკოს სახელს არაერთ კლუბს უკავშირებდნენ, ყველაზე აქტიურად „ბეშიქთაშის“ ვარიანტი განიხილებოდა, თუმცა, როგორც ფრანგული მედია წერს, „მწვანეებს“ ქართველ შემტევთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ მიუღიათ.