„კორბერანმა იცის, რისი გაკეთებაც შეუძლია“ - ცნობილი ჟურნალისტი ჩაკვეს ვალენსიაში ტრანსფერზე
ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა და Sky Sports-ის ექსპერტმა, დონ გუდმანმა Football League World-თან ინტერვიუში გიორგი ჩაკვეტაძის „ვალენსიაში“ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისურმა კლუბმა ქართველი შემტევი მინიმუმ 1 სეზონით მაინც უნდა შეინარჩუნოს.
რას ამბობს გუდმანი:
„დიახ, როდესაც კარლოს კორბერანი „ვესტ ბრომვიჩის“ მთავარი მწვრთნელი იყო, ის გიორგი ჩაკვეტაძეს შეხვდა და იმ რეალურ საფრთხეს დაინახავდა, რომლის შექმნაც ამ ბიჭს შეუძლია.“
„ვფიქრობ, „უოტფორდის“ მფლობელმა, ჯინო პოცომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი გეგმები უფრო შორს მიდის და ბუნებრივია, ეს პრემიერ ლიგაში დაბრუნებას ნიშნავს.“
„თუ ეს ამბიციები რეალურია, მაშინ საუკეთესო ფეხბურთელებს არ გაყიდი. ცხადია, გასულ სეზონში გიორგი ჩაკვეტაძე გუნდში ერთ-ერთი მოთამაშე იყო, რომელსაც ყველაფრის მიღწევა შეეძლო. ეს აისახებოდა საგოლე ეპიზოდებშიც, სადაც მისი მონაწილეობით გუნდს შეტევაში რამდენიმე კარგი ვარიანტი ექმნებოდა.“
„ასე რომ, თუ ისინი რჩევას მთხოვენ, ვეტყვი, რომ ჩაკვეტაძე არ გაყიდონ და ამ სეზონში შეინარჩუნონ, რადგან მისი მონაწილეობით გუნდს უფრო მეტი რეალური ამბიცია ექნება.“
ბოლო დღეების განმავლობაში, ევროპულ მედიაში აქტიურად იწერება გიორგი ჩაკვეტაძის „ვალენსიაში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ. გავლენიანი სააგენტოები და სატრანსფერო ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „ღამურებთან“ წინასწარი კონტრაქტი შეათანხმა და დიდი შანსია, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ვალენსიურ გუნდს შეუერთდეს.
ამ ინფორმაციების პარალელურად, „უოტფორდთან“ დაახლოებულმა სააგენტო Watford Observer-მა განაცხადა, რომ „ვალენსიას“ „კაჭკაჭების“ ხელმძღვანელობასთან კონტაქტი არ ჰქონია და შესაძლო ტრანსფერზე წინადადებით ჯერ არ მიუმართავს.