„კონტაქტი არ ყოფილა!“ - რა ხდება ჩაკვეტაძის ტრანსფერის გარშემო
ბოლო დღეების განმავლობაში, ევროპულ მედიაში აქტიურად იწერება გიორგი ჩაკვეტაძის „ვალენსიაში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ.
გავლენიანი სააგენტოები და სატრანსფერო ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „ღამურებთან“ წინასწარი კონტრაქტი შეათანხმა და დიდი შანსია, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ვალენსიურ გუნდს შეუერთდეს.
ამ ინფორმაციების პარალელურად, „უოტფორდთან“ დაახლოებულმა სააგენტო Watford Observer-მა დაწერა, რომ „ვალენსიას“ „კაჭკაჭების“ ხელმძღვანელობასთან კონტაქტი არ ჰქონია და შესაძლო ტრანსფერზე წინადადებით ჯერ არ მიუმართავს.
რა წერია Watford Observer-ის სტატიაში:
„ამ კვირაში, საქართველოდან გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი იყო, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ლა ლიგის ერთ-ერთ კლუბში პოტენციური ტრანსფერის წინ, ამ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, „კაჭკაჭებს“ ესპანური მხარისგან ჯერჯერობით, არაფერი სმენია“.
„თუ მათი მხრიდან ინტერესი რეალურია, მაშინ მათ იმაზე გაცილებით დიდი თანხის გადახდა მოუწევთ, ვიდრე სავარაუდოდ შემოთავაზებული 10 მილიონი ევროა. სეზონის დაწყებამდე კლუბის ხელმძღვანელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გუნდის ლიდერების გაშვებას არ აპირებენ. ჩაკვეტაძეს „უოტფორდთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს და მისი გაყიდვა კლუბის გეგმებში არ შედის. თავად ჩაკვეტაძესაც ნათქვამი აქვს, რომ აქ ყოფნით ბედნიერია და სურს, გუნდს პრემიერ ლიგაში დაწინაურებაში დაეხმაროს“.
პარალელურად, ცნობილმა ვალენსიურმა რადიო Taronja-მ ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს „ვალენსიაში“ გადასვლა უნდა და ამასთან დაკავშირებით, ეროვნულ ნაკრებში თავის თანაგუნდელებს, გიორგი მამარდაშვილსა და გიორგი ქოჩორაშვილსაც ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ღირსებას იცავდა, ქოჩორაშვილი კი ამავე ქალაქის კიდევ ერთ კლუბ „ლევანტეში“ თამაშობდა.
????️ Informa @Generaldepie_:
— Radio Taronja (@RadioTaronja_) August 19, 2025
ℹ️ CHAKVETADZE ha hablado con MAMARDASHVILI y con KOCHORASHVILI (Levante) y está deseando jugar en el Valencia.
➡️ Sin embargo, el entorno del jugador vería difícil su llegada en caso de que el Valencia se lanzara a por él porque el Watford vende caro.
გუშინ, ესპანურ კლუბთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა, ჰექტორ გომესმა დაასახელა თანხა, რომლის მიღებაც „კრაზანებს“ სურთ და როგორც ირკვევა, საუბარი მინიმუმ 10 მილიონ ევროზეა. ასევე, იწერება, რომ „ღამურები“ ანდრე ალმეიდაზე არიან დამოკიდებული. „ვალენსია“ პორტუგალიელ ფეხბურთელს 10 მილიონ ევროდ აფასებს და მისი გაყიდვის შემთხვევაში „უოტფორდისგან“ თანხმობის მიღებას შეეცდება. ასევე, ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ალმეიდას ერთ-ერთ შემცვლელად კამერონ პუერტასიც განიხილება, რომელიც ამჟამად, საუდის არაბეთის ჩემპიონატში თამაშობს.