ბარსელონა, თორნიკე შენგელია
Aa
Aa

SPORT: სამაგალითო პროფესიონალი, ლიდერი და ბარსას მთავარი იმედი

თორნიკე შენგელიამ „ვირტუს ბოლონიასთან“ ერთად იტალიის ჩემპიონობა იზეიმა. ქართველ კალათბურთელს ელის თავისი ახალი გუნდი „ბარსელონა“ და არა მარტო ის - კატალონიური პრესა ამ ტრანსფერს იმედის თვალით უყურებს.

ცნობილი ბარსელონური გამოცემა Sport-ი შენგელიას შესახებ სტატიას წერს და მას „ბარსას“ მთავარ იმედს უწოდებს: „შენგელია - ვარსკვლავი, რომელსაც ბარსას კურსის შეცვლა შეუძლია“.

„თორნიკე შენგელია შვებულების პირველ დღეებს შესანიშნავად ატარებს დღეებს - სეზონის დასრულების შემდეგ, ქართველ ფორვარდს არდადეგები დამსახურებულად ერგო. ბოლო ბედნიერი მომენტი ვირტუსის მაისურით ბოლონიაში სწორედ ფინალი იყო: იტალიის ჩემპიონატის გადამწყვეტ სერიაში ბრეშას 3:0 მოუგეს.

თოკოს თამაში პლეი-ოფში უბრალოდ ბრწყინვალე იყო. სამი მატჩის განმავლობაში შენგელიამ საშუალოდ 25 ქულა და 7.3 მოხსნა დააფიქსირა. მესამე, გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი 31 ქულითა და 9 მოხსნით გამოირჩა - სეზონში ეს მისი მეორე საუკეთესო შედეგია, ერთადერთი გამონაკლისით: ევროლიგის რეგულარულ სეზონში ფენერბახჩესთან შეხვედრაში მან 35 ქულა ჩააგდო.

ბრეშას წინააღმდეგ გაბრწყინებული თამაშის შემდეგ თოკომ სრულიად დამსახურებულად მიიღო ფინალების MVP-ის ჯილდო, ხოლო ტიტულის მოპოვების შემდეგ ვირტუსის პრეზიდენტმა მასიმო ძანეტიმ დაადასტურა ის, რასაც ბოლო კვირებში SPORT-ის წყაროებიც აქტიურად ავრცელებდნენ: „მან მიიღო ისეთი წინადადება, რომელზე უარის თქმა შეუძლებელია - ის ესპანეთში ბრუნდება. მაგრამ ბოლო მატჩებში გულითა და სულით იბრძოლა. არასოდეს მინახავს მისი მხრიდან ასეთი კარგი თამაში. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჰქონდა კონტრაქტი სხვა გუნდთან, ბოლო წამამდე უზომო პროფესიონალიზმი აჩვენა. ეს მაგალითია, რაც დასაფასებელია.

„მე თოკოსა და მის მეუღლეს ახლახან ვუთხარი, რომ ბარსელონაში მათ სანახავად აუცილებლად ვესტუმრები. ეს მათი ცხოვრებისეული გადაწყვეტილებაა“. - ამბობს მასიმო ძანეტი.

შენგელია ბოლონიას უდიდესი პოზიტივით ტოვებს - მისი ბოლო მისია იდეალურად შესრულდა. ბარსელონა უახლოეს დღეებში ოფიციალურად დაადასტურებს ტრანსფერს. მანამდე კი, სანამ თოკო სავარაუდოდ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს შეუერთდება, ოჯახთან ერთად დასვენებას დაიწყებს. ჯგუფურ ეტაპზე მისი მეტოქე ესპანეთი იქნება. ბარსელონას რამდენიმე მომავალი თანაგუნდელით.

33 წლის შენგელიამ უკვე დაამტკიცა, რომ ევროპის წამყვანი ლიგების ფლეი-ოფებში ერთ-ერთი გამორჩეული სახელი აქვს. მისი მონაგარი შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ბარსამ ის დროულად გაიფორმა და უკანასკნელი მატჩების ხილვის შემდეგ, თოკოს ფორმის გათვალისწინებით, აშკარაა - კლუბს მისი შეძენა გაცილებით ძვირი დაუჯდებოდა.

არავისთვისაა საიდუმლო, რომ კატალონიური გრანდი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო „მეოთხე ნომერს“ იმატებს, თანაც იმ მდგომარეობაში, როცა გუნდს ორი წელია, ტიტული არ მოუგია. შენგელია კვლავ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და იმ დაუცხრომელი ჟინით თამაშობს, რაც ბარსას გასახდელს ძალიან აკლდა. Endesa League-ის გამოცდილება, რომელიც მან ვალენსიასა და ბასკონიაში დააგროვა, სწრაფად ადაპტაციის გარანტიაა.

გარდა ამისა, იმ ფონზე, როცა სატრანსფერო ბაზარზე ბარსელონას ირგვლივ ბევრ ნაკლებად ცნობილ სახელს განიხილავენ, შენგელიას დონის მოთამაშე ბარსელონაში მოხვედრისთანავე ფანების ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცევა. ლიდერი - გასახდელში და მოედანზე.

„არც კი ვიცი, როგორ ავხსნა, რა პატივია მის გვერდით ყოფნა - არა მხოლოდ როგორც სპორტსმენის, არამედ პირველ რიგში, როგორც ადამიანის. მისი ფასეულობები პატივსა და ერთგულებაზე დგას. დიდებული MVP, ჩემპიონი ვირტუსთან ერთად. ერთი ოცნება ახდა - მეორე ჯერ კიდევ წინ არის“, – დაწერა სოციალურ ქსელში მისმა აგენტმა, დავიდ კარომ. ოცნება, რომელიც, სავარაუდოდ, ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ტრანსფერად იქცევა ევროლიგაში“.

- წერს Sport-ი.

აქვე გეტყვით, რომ „ვირტუს ბოლონიამ“ „ბრეშა“ 3:0 დაამარცხა, შენგელია კი სამივე შეხვედრაში გამორჩეული იყო. პირველ მატჩში, თოკომ 29 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა. მეორე შეხვედრაში მის ანგარიშზე 15 ქულა, 8 მოხსნა და 7 ასისტი იყო, ხოლო სერია 31 ქულით, 9 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით დახურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები