შენგელიას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია | ბარსელონა მზადაა კონტრაქტი გაუხანგრძლივოს
თორნიკე შენგელიას საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ქართველ კალათბურთელს ბევრი მსურველი ჰყავს და დიდი შანსია, „ბარსელონას“ რიგები დატოვოს, თუმცა კატალონიელებს მისი გაშვება არ უნდათ.
ესპანური პრესის ინფორმაციით, შენგელია ყველა ვარიანტს განიხილავს. თუ თორნიკე „ბარსელონაში“ დარჩენას გადაწყვეტს, კატალონიელები მას კონტრაქტს გაუხანგრძლივებენ და მზად არიან, 2029 წლამდე გათვალისწინებული ხელშეკრულება გაუფორმონ.
Sport-ის ჟურნალისტის, მარკ დელ რიოს მიხედვით, შენგელია საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს. ბოლო პერიოდში თორნიკეს „დუბაის“, „პარტიზანსა“ და „ოლიმპიაკოსს“ უკავშირებდნენ, თუმცა თურქულ პრესაში დაიწერა, რომ შენგელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი „ფენერბაჰჩეა“.
ცნობისთვის, გასულ სეზონში შენგელია ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 10.6 ქულას, 3.7 მოხსნას, 1.8 შედეგიან გადაცემასა და 0.6 ჩაჭრას აგროვებდა. ევროლიგის შეხვედრებში მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 12.5 ქულა, 4.5 მოხსნა, 2.7 შედეგიანი გადაცემა.