ნოიერი კანს გაუთანაბრდა - რეკორდამდე მცირედია დარჩენილი
გერმანიის ბუნდესლიგის წლევანდელი გათამაშება „ბაიერნმა“ სუპერშემტევი ფეხბურთით გახსნა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი კონკურენტი „ლაიპციგი“ საკუთარ სტადიონზე 6:0 გაანადგურა. ნახევარმცველებისა და ფორვარდების უმაღლესი კლასის დემონსტრირების ფონზე, მანუელ ნოიერი შედარებით უკანა პლანზე დარჩა, თუმცა 39 წლის მეკარის მორიგი მიღწევა სტატისტიკოსებს არ გამოჰპარვიათ და თამაშის შემდეგ მასზე ყურადღება განსაკუთრებულად გაამახვილეს.
„რეკორდმაისტერის“ კარის დარაჯმა ბუნდესლიგაში რიგით მე-20 სეზონი დაიწყო, რითაც ოლივერ კანსა და კლაუდიო პისაროს გაუთანაბრდა. ნოიერი 2005 წლიდან 2011 წლამდე „შალკეს“ ღირსებას იცავდა, თოთხმეტი წლის წინ კი, გელზერკირხენული კლუბიდან მიუნხენში გადაბარგდა და მას შემდეგ „ბაიერნის“ შემადგენლობაში ასპარეზობს. ამ მხრივ ერთპიროვნული რეკორდსმენია იმავე „შალკესა“ და „ვერდერის“ ყოფილი მცველი კლაუს ფიხტელია, რომელმაც გერმანიის პირველობაზე 22 სეზონი ჩაატარა და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მანუ კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ გეგმავს, შესაძლოა მას გაუსწროს და პირველ ადგილზე გადაინაცვლოს.
მანუელ ნოიერმა „ბაიერნთან“ ერთად 12-ჯერ ბუნდესლიგა, 5-ჯერ გერმანიის თასი, 7-ჯერ ქვეყნის სუპერთასი, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ უეფას სუპერთასი და 2-ჯერ საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.