კეინი: ოქროს ბურთის მოგებამ ადამიანების ჩემდამი დამოკიდებულება შეცვალა
„ბაიერნის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა „ოქროს ბურთის“ მოგებაზე ისაუბრა.
- მოგცათ თუ არა „ოქროს ბურთის“ მფლობელთა ექსკლუზიურ წრეში მოხვედრამ იმის შეგრძნება, რომ საბოლოოდ დაიმკვიდრეთ თავი, როგორც ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა თავდამსხმელმა? გჭირდებოდათ თუ არა ამ ჯილდოს მოგება იმისთვის, რომ საფეხბურთო სამყაროში დამსახურებული აღიარება მიგეღოთ?
„წარმოუდგენლად ვამაყობ იმით, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელი გავხდი, ხოლო ის ფაქტი, რომ ჯილდო მშობლიურ ქალაქში მივიღე, ამ მომენტს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ჩემი სახელის ხილვა ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც არიან რონალდო, რომელმაც იმ საღამოს ჯილდო გადმომცა, კრიშტიანუ რონალდუ, მესი და გერდ მიულერი - ჩემთვის უდიდესი პატივია, განსაკუთრებით თუ გავიხსენებ ჩემი კარიერის დასაწყისს, როცა იჯარით ვთამაშობდი, რამაც მაიძულა თავდაჯერებული და მედეგი გავმხდარიყავი.
მას შემდეგ, რაც „ბაიერნში“ გადავედი, აშკარად კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგი წინ და ვგრძნობ, რომ ჩემი ფორმის პიკზე ვიმყოფები. ვფიქრობ, „ოქროს ბურთის“ მოგებამ მთელ მსოფლიოში ადამიანების ჩემდამი დამოკიდებულება შეცვალა. ალბათ, გულშემატკივრების ენთუზიაზმსა და რეაქციას სათანადოდ ვერ ვაფასებდი. როდესაც თასი იმ ფანების წინაშე აღვმართე, რომლებიც ცერემონიის შემდეგ ქუჩაში მელოდებოდნენ, მივხვდი, რომ ჯადოსნურ მომენტს განვიცდი, რომელიც არასდროს დამავიწყდება.
ეს გამარჯვება გამორჩეული სეზონის ანარეკლი გახდა, რომელიც გოლებით, ტიტულებითა და ნათელი მომენტებით იყო სავსე. 33 წლის ასაკში „ოქროს ბურთის“ მიღება ამტკიცებს, რომ თუ თავდაუზოგავად იშრომებ და საკუთარი თავის ირწმუნებ, მწვერვალის დაპყრობა შესაძლებელია“,
- განაცხადა კეინმა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს