ორ სეტში დამარცხდა | ბასილაშვილი US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი US Open-ის ძირითად ბადეში ვერ ითამაშებს. აშშ-ის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს 228-ე ჩოგანს, მარკ-ანდრია ჰუესლერს დაუპირისპირდა და ორ სეტში დამარცხდა.
ჰუესლერმა პირველი სეტი კარგად დაიწყო და საწყის გეიმში ბრეიკი შეასრულა. 3:4-ზე ნიკოლოზმა მეტოქის ჩაწოდება აიღო და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელიც შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა 7:4 მოიგო.
მეორე სეტში ჩოგბურთელები თავიანთ მოწოდებაზე შეცდომას არ უშვებდნენ. 2:3-ზე ჰუესლერს სამი ბრეიკპოინტი ჰქონდა, მაგრამ ბასილაშვილმა გეიმი მაინც მოიგო. 5:6-ზე, ნიკოლოზის მოწოდებაზე შვეიცარიელმა ორმაგი მატჩპოინტი მიიღო, რომელიც გამოიყენა და საბოლოოდ, 7:6(4), 7:5 იმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილის მსგავსად, US Open-ის საკვალიფიკაციო ეტაპს ეკო გორგოძეც გამოეთიშა, რომელიც მეორე რაუნდში ფრანჩესკა ჯონსთან დამარცხდა.