გიორგი შერმადინი
Aa
Aa

ქართველი გიგანტი წავიდა | FIBA შერმადინის ბოლო მატჩს გამოეხმაურა

გიორგი შერმადინმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ქართველი კალათბურთელის ბოლო სანაკრებო მატჩი FIBA-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია და „შერმინატორს“ ვრცელი და საინტერესო სტატია მიუძღვნა.

პირველად 20 წლის განმავლობაში, გიორგი შერმადინი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში აღარ იქნება.

„2006 წელს, საქართველო თავისი საკალათბურთო პროგრამის საწყის ეტაპზე იყო და ცდილობდა, გამხდარიყო გუნდი, რომელიც დიდ ტურნირებზე რეგულარულად ითამაშებდა. ახალგაზრდა კალათბურთელი, გიორგი შერმადინი, ამ გეგმებში იდეალურად ჯდებოდა და იყო მოთამაშე, რომელსაც შეეძლო, ცენტრის პოზიციაზე დომინანტი კალათბურთელი გამხდარიყო.

202 თამაშისა და 20 წლის შემდეგ, შერმადინი ფინიშის ხაზთან მივიდა. გიორგიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა და ბოლო ორი შეხვედრის ჩასატარებლად უკეთეს ადგილებს ვერ აირჩევდა. ჯერ იყო საქართველოს დედაქალაქი თბილისი, რომელიც გიოს მშობლიური ნატახტარიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. შემდეგ ლა ლაგუნა - ქალაქი, სადაც ბოლო 6 წელიწადია დომინირებს.

უკანასკნელი სანაკრებო ფანჯარა შერმადინისთვის ძალიან ემოციური გამოდგა და ჯერ კიდევ სიტყვა „ჩვენ“-ს ხმარობდა, როდესაც გუნდის მომავალზე საუბრობდა. იგივე მდგომარეობაში იყო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ალექსანდარ ჯიკიჩი. როდესაც მას ჰკითხეს, შერმადინის შეცვლა ვინმეს შეეძლო თუ არა, ჯიკიჩის პასუხი ასეთი იყო: „არა და იგივე გველოდება შენგელიასთან, სანაძესთან და სხვებთან მიმართებით. მოგვიწევს, ადაპტაცია მოვახდინოთ და შევიცვალოთ. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან, მათ გარეშე მოგებებსაც დავიწყებთ.“

მოგება სწორედ ისაა, რასაც შერმადინი წლების განმავლობაში აკეთებდა. 2006 წელს, ის ეროვნულ ნაკრებში მოხვდა და 2007-ში ევრობასკეტის B დივიზიონში იასპარეზა. 2011 წელს, როდესაც საქართველო ევრობასკეტზე გავიდა, გიორგიმ ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ გუნდს მე-11 ადგილის დაკავებაში დაეხმარა.

თუმცა, გვირგვინი 2025 წელს დაიდგა, როდესაც შერმადინმა და კომპანიამ ევრობასკეტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია შემოგვთავაზეს და მერვედფინალში საფრანგეთი დაამარცხეს. საქართველო მეოთხედფინალში ისტორიაში პირველად გავიდა და გიორგიმ გადაწყვიტა, სანაკრებო კარიერა დადებით ნოტაზე დაესრულებინა.

შერმადინის საკლუბო კარიერა გრძელდება. გასულ ზაფხულს, მან „ტენერიფესთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა და მარსელინიო უერტასთან ერთად, გუნდის შეუცვლელი ფიგურაა. ბოლო წლებია, ეს დუეტი ფენომენალურად ასპარეზობს და შერმადინი ლიგა ენდესას MVP გახდა და მიმდინარე სეზონის სტარტზე თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. რა თქმა უნდა, მარსელინიო ლა ლაგუნაში იყო და გიორგის სანაკრებო კარიერის დასრულება მიულოცა.

თბილისთან მდებარე სოფლიდან, რომელშიც 1000 ადამიანიც კი არ ცხოვრობს, ოვაციებამდე, რომლებიც მთელი ევროპის მასშტაბით გაისმა. შერმადინმა ნაკრების მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა და მისი თავგადასავალი სავსეა საოცარი ისტორიებით. გიორგი ყველაფერს ერთნაირად შეხვდა: გაღიმებული სახით, რომლის დანახვაც დაგავიწყებთ, რომ მას შეუძლია, პარკეტზე უმარტივესად გაგანადგუროს. ქართველი გიგანტი წავიდა და დატოვა სიცარიელე, რომლის შესავსებადაც თაობები იქნება საჭირო“, - წერს FIBA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთთან მატჩი გიორგი შერმადინისთვის ეროვნული გუნდის მაისურით 202-ე იყო. ვეტერანი კალათბურთელი ქვეყნის მთავარი გუნდის ღირსებას 20 წლის განმავლობაში იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემმა რამდენიმე მოთამაშემ ესპანეთს დაბრუნების შესაძლებლობა მისცა“ - ჯიკიჩი მატჩის შემდეგ
„ჩემმა რამდენიმე მოთამაშემ ესპანეთს დაბრუნების შესაძლებლობა მისცა“ - ჯიკიჩი მატჩის შემდეგ