3 საგოლე მოქმედება 4 მატჩში - სილაგაძე სლოვაკეთში კარგად იწყებს
ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც საქართველოს Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგიდან ევროპაში გადაბარგებული ფეხბურთელი ადაპტაციას სწრაფად გადის და ახალი გუნდის შეუცვლელ წევრად ყალიბდება. ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ლუკა სილაგაძის შემთხვევაშიც, რომელმაც სულ ახლახანს ჩვენი ქვეყნის ჩემპიონ „იბერიადან“ სლოვაკეთის „პოდბრეზოვას“ მიაშურა და არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებას ტოვებს.
26 წლის შემტევი მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ირჯება და ახალი გუნდის მაისურით გამართული ოთხი მატჩიდან სამში მოედანი საგოლე მოქმედების გარეშე არ დაუტოვებია. თუ „ტრენჩინთან“ (4:0) და „ტრნავასთან“ (5:0) მოგებულ შეხვედრებში ლუკა ასისტით გამოირჩა, ამჯერად, ნიკე ლიგის უკანასკნელ ტურში ბურთიც გაიტანა. მან „პრეშოვთან“ მატჩში ანგარიში მე-6 წუთზე 11-მეტრიანით გახსნა, რომლის დანიშვნაც მეტოქის საჯარიმოში მისივე აქტიურობას მოჰყვა.
ცნობისათვის, 22 ტურში დაგროვებული 36 ქულით „პოდბრეზოვა“ სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა. ლუკა სილაგაძის მისვლის შემდეგ გუნდმა მეორე წრეში ოთხი მატჩი ჩაატარა, ოთხივეში გაიმარჯვა, მეტოქეთა კარში 19 ბურთი გაიტანა და საკუთარში მხოლოდ 1 მიიღო.