„ვნერვიულობ, რადგან ქართველი ხალხის წინაშე პირველად ვითამაშებ“ - მერკვილაძე დანიასთან მატჩზე
ხვალ, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურში „თბილისი არენაზე“ დანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ჩვენი გუნდის ახალწვეულმა ალექსანდრე მერკვილაძემ მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და საქართველოს ნაკრების დებიუტის ემოციებიც გააზიარა.
რა თქვა მერკვილაძემ:
„პირველ რიგში, მინდა, სამწვრთნელო შტაბს მადლობა გადავუხადო იმის გამო, რომ მოედანზე სათამაშო წუთები მომცა. სიმართლე რომ გითხრათ, ამას არ მოველოდი, რადგან ნაკრებში ჩემი დებიუტი იყო. თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარეც, არ ველოდი, რომ მოედანზე გასვლის შესაძლებლობა მომეცემოდა, მაგრამ მენდნენ და ყველაფერი ისე წავიდა, რომ 4 სამქულიანის ჩაგდება მომიწია. რაც შეეხება დანიასთან შემდეგ თამაშს, სიმართლე რომ გითხრათ, ვნერვიულობ. საქართველოში პირველად ვთამაშობ ქართველი ხალხის წინაშე, მაგრამ ამავდროულად ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა და იმედია, თითოეულ ქართველს ვასახელებ.“
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე მერკვილაძეს საქართველოს ნაკრებში დებიუტი პარასკევს, დანიის წინააღმდეგ ჰქონდა, იმ მატჩში კი ჩვენმა გუნდმა სტუმრად 89:71 გაიმარჯვა.
საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურის მატჩი 2 მარტს, „თბილისი არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.