მნიშვნელოვანი გამარჯვება | საქართველომ დანია სტუმრად 18 ქულით დაამარცხა
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მესამე შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი სტუმრად დანიას დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო – 89:71
საქართველოს ნაკრების მხრიდან პირველი ქულები ჩვენმა ახალმა ნატურალიზებულმა კალათბურთელმა, მარკის რიდმა აიღო. ალექსანდერ ჯიკიჩის გუნდი 6:0 გაიქცა, თუმცა დანიამ ზედიზედ 10 ქულა მიითვალა და 10:6 დაწინაურდა. პირველი მეოთხედი ძალიან დაბალშედეგიანი გამოვიდა და 12:12 დასრულდა.
მეორე მეოთხედის სტარტზე დანია 17:12 გავიდა წინ, რასაც ჩვენი ზედიზედ 7 ქულა მოჰყვა. მეორე ათწუთეულში საქართველოს ნაკრები უკეთესი იყო და დიდ შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობა გვქონდა — 39:32.
მესამე მეოთხედის საწყისი 5 წუთი საქართველომ შესანიშნავად ჩაატარა და 18:6 გაიქცა, რის შემდეგაც 19 ქულით დავწინაურდით. მალევე ჯერ 21-იანი, შემდეგ კი 22-ქულიანი უპირატესობა მოვიპოვეთ. მეოთხედის დარჩენილ დროში საქართველო წინ 30 ქულით გავიდა და ბოლო პერიოდის დაწყებამდე კომფორტული ანგარიში გვეჭირა - 77:47.
მეოთხე მეოთხედი უბრალო ფორმალობა იყო და საბოლოოდ, საქართველომ 89:71 იმარჯვა. ჩვენი გუნდის რიგებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 24 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. რიდმა მატჩი 18 ქულით, 5 პასით, 2 მოხსნითა და 3 ჩაჭრით დაასრულა. დუდა სანაძემ 13 ქულა მიითვალა. ალექსანდრე მერკვილაძემ 4-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და 12 ქულა დააგროვა, ხოლო გიორგი ოჩხიკიძეს 7 ქულა ჰქონდა.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებს 1 მოგება და ორი წაგება აქვს და ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს. ჯიკიჩის გუნდი მომდევნო შეხვედრას ისევ დანიასთან, ორ მარტს, თბილისში გამართავს.