პირველი ნაბიჯი მსოფლიოს ჩემპიონატისკენ - საქართველოს ნაკრები მეორე შესარჩევ ეტაპზეა
დიდი ხანია საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს შესარჩევი ეტაპის ერთი ფანჯრის ორივე მატჩი ასეთ მაღალ დონეზე არ ჩაუტარებია. დანიის ეროვნულ გუნდთან კოპენჰაგენში გამართული შეხვედრის მსგავსად, „თბილისი არენაზეც“ ალექსანდარ ჯიკიჩის მომზადებული კალათბურთელები უზომოდ მოტივირებულნი იყვნენ, მეტოქეს ყველა კომპონენტში აღემატებოდნენ და 29-ქულიანი სხვაობით, 89:60 გაიმარჯვეს. შედეგად, მსოფლიოს ჩემპიონატისკენ სავალ გზაზე საწყისი ნაბიჯი გადაიდგა და პირველი შესარჩევი ეტაპი წარმატებით დავძლიეთ. თუმცა, დარჩენილ ორ ტურს, სადაც უკვე გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილიც ნაკრების განკარგულებაში იქნებიან, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან აქ დაგროვილი ქულები მეორე შესარჩევ ეტაპზეც გადადის.
მასპინძლების რიგებში 29 ქულით ყველაზე შედეგიანი მარკის რიდი გახლდათ, რომელმაც 7 ასისტი, 3 მოხსნა და 3 ჩაჭრაც მიითვალა. გუნდის კაპიტნის თორნიკე შენგელიას ანგარიშზე ორმაგი დუბლია - თოკომ 29 წუთში თავი 27 ქულას, 11 მოხსნას, 3 ასისტს, 3 ჩაჭრას და 5 დაფარებას მოუყარა თავი. ცალკე აღნიშვნის ღირსია ახალგაზრდა ალექსანდრე მერკვილაძე, რომელსაც ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა. მან 12 ქულასთან ერთად, 8 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. მერკვილაძემ პერიმეტრიდან ამჯერადაც უშეცდომოდ (სამიდან სამი) ისროლა და ორ სანაკრებო შეხვედრაში მის ანგარიშზე შვიდიდან შვიდი სამქულიანია.
მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის ბოლო ფანჯარა ზაფხულში გაიმართება. 2 ივლისს, საქართველოს ეროვნული გუნდი უკრაინელებთან სტუმრად, ნეიტრალურ დარბაზში, ლატვიაში ითამაშებს, ხოლო 5 ივლისს, თბილისში ესპანელებს უმასპინძლებს.