„საქართველოს ნაკრებს მთავარი წარმატებები წინ აქვს“ - ინტერვიუ მიხეილ ბერიშვილთან
ქართული კალათბურთის გულშემატკივრისთვის მიხეილ ბერიშვილი კარგად ნაცნობი პერსონაა - კალათბურთელი, რომელიც როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე ასპარეზობისას გამორჩეული იყო თავდადებითა და საქმისადმი სწორი მიდგომით, რის ხარჯზეც საკუთარ გასაკეთებელს მუდამ აკეთებდა. ბერიშვილის მთავარ პლუსად ყოველთვის პერიმეტრიდან მაღალ დონეზე ასპარეზობა ითვლებოდა და იქიდან გამომდინარე, ყოველივე ეს ჩვენი ნაკრებისთვის ბოლო წლებში მუდამ აქილევსის ქუსლად ითვლებოდა, ბერიშვილის პარკეტზე ყოფნის პერიოდში ამ სისუსტეების სათანადოდ კომპენსირება ხდებოდა. Crystalsport-თან ინტერვიუში 38 წლის ვეტერანმა კალათბურთელმა, რომელიც ამჟამად საქართველოს სუპერლიგაში, კერძოდ კი თსუ-ში ასპარეზობს, ყველა საკითხზე საინტერესოდ ისაუბრა.
მიხეილ ბერიშვილი
ვთამაშობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში. ამჟამად სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ვართ და იმედია მოწინავე პოზიციას ბოლომდე შევინარჩუნებთ. კიდევ ერთი კარგი ლეგიონერი დავიმატეთ და საქართველოს ჩემპიონობისთვის აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატის დინამიკას - ბოლო წლებში სუპერლიგას დაძაბულობა ნამდვილად არ აკლია, ვერ გაიგებ რომელი გუნდი რომელს დაამარცხებს და ვფიქრობ დონემაც მოიმატა, რასაც კარგი ლეგიონერების ჩამოსვლაც განაპირობებს.
იცით, რა შემთხვევაში განვითარდება ქართული საკლუბო კალათბურთი კიდევ უფრო მეტად? თუ ევროტურნირებზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები რეგულარულად იასპარეზებენ. ბოლო ორი წელია „ქუთაისი“ ამას ახერხებს, უფრო ადრე თსუ-მაც ითამაშა და იმედია, რომ მომავალში ერთ სეზონში საქართველოს ორი კლუბიც ეყოლება ევროთასზე. ვიცი, რომ ეს ყველაფერი სერიოზული ფინანსების გაღებას უკავშირდება, მაგრამ სხვანაირად პროგრესს ვერ მივაღწევთ.
ჩემი საუკეთესო მოგონებები ისლანდიაში გამართულ სანაკრებო მატჩს უკავშირდება, სადაც როგორც იტყვიან სროლა კარგად წამივიდა. ცოტა დაგვაკლდა წარმატებამდე იტალიასთან საშინაო მატჩში. ზოგადად ბევრი თვლის, რომ სამქულიანების ზუსტად სროლა თუ არ გაქვს გამჯდარი, ვარჯიშით ვერ მიაღწევ, მაგრამ ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანხმები. მერწმუნეთ, კარის სამქულიანების უკანაც უდიდესი მოცულობის შრომა დგას. თუ ადამიანი მოინდომებს და იშრომებს, შეუძლებელი არაფერია.
იგორ კოკოშკოვის საქართველოს ეროვნულ გუნდში ყოფნის დროს ძალიან პატარა ვიყავი და ჩემი სანაკრებო წარმატებები ილიას ზუროსს უკავშირდება. ბერძენი სპეციალისტი უმცირეს დეტალებსაც კი უდიდეს ყურადღებას აქცევდა, რაც თავიდან ცოტა მიკვირდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ზუროსი ყველაფერს სწორად აკეთებდა და საოცრად მაღალი დონის მწვრთნელია.
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებმა საოცრად ითამაშა და ფრანგებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ეს ჩვენი გუნდის მაქსიმუმი არ გახლავთ და წინ კიდევ უფრო დიდი წარმატებები გველოდება. წარმოიდგინეთ, ფინელებთან მოგებაც შეგვეძლო, უბრალოდ თავი გადაღლილობამ იჩინა და ცოტა გამართლების ფაქტორიც გახლდათ.
რაც შეეხება NBA-ში მოთამაშე ქართველ კალათბურთელებს, „ორლანდოს“ შიდა სამზარეულოში რაღაც ისეთი ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით. სხვანაირად ვერ ამიხსნია, როგორ შეიძლება ბითაძის დონის კალათბურთელს არ ათამაშებდე და ვერ იყენებდე? გოგა ისეთი მოთამაშეა, რომელსაც ნებისმიერი გუნდისთვის უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია. კარგია ის, რომ სანდრო მამუკელაშვილმა „ტორონტოს“ სახით მონახა თავისი გუნდი და კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს.
თორნიკე შენგელიასთან ვმეგობრობ და შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ის ყველაზე კარგი კაპიტანი და ნამდვილი პატრიოტია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ ეროვნულ ნაკრებს გამოადგეს.
ჩემი მომავალი? მწვრთნელობას არ გამოვრიცხავ. არც კარიერის ამ სეზონის შემდეგ დასრულებას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მაქვს მიღებული - ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება წლევანდელ სეზონში ჩვენი კლუბისთვის მოვლენები.
ცნობისათვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, სადაც მიხეილ ბერიშვილი თამაშობს, სუპერლიგის ლიდერია და მომდევნო შეხვედრას 7 მარტს, „თბილისი არენას“ დარბაზში მთავარ კონკურენტ „ქუთაისთან“ ჩაატარებს.