ისევ გოგას გარეშე | ორლანდო დეტროიტთან უშანსოდ დამარცხდა
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა. ფლორიდელები საშინაო არენაზე აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერს, „დეტროიტ პისტონსს“ დაუპირისპირდნენ და ცუდად ჩატარებული მეორე ტაიმის გამო, 14 ქულით წააგეს — 92:106.
„ორლანდომ“ პირველი მეოთხედი 26:23 მოიგო, დიდ შესვენებაზე კი 7-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა — 57:50. მეორე ტაიმში „დეტროიტი“ დაცვაში ბრწყინვალე იყო. „მეჯიქმა“ მესამე პერიოდში 18, ხოლო მეოთხე პერიოდში 17 ქულა ჩააგდო და უშანსოდ წააგო.
ბითაძემ მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა, „ორლანდოს“ მხრიდან კი 24 ქულითა და 11 მოხსნით პაოლო ბანკერო გამოირჩა. ტრისტან და სილვამ 19 ქულა მიითვალა, ხოლო დესმონდ ბეინმა 17 ქულა დააგროვა. „პისტონსის“ რიგებში ბრწყინვალე იყო კეიდ კანინგემი — 29 ქულა, 6 მოხსნა, 11 ასისტი. ტობაიას ჰერისმა 23 ქულა გააკეთა, ჯეილენ დურენმა ორმაგი დუბლი ჩაიწერა — 16 ქულა, 10 მოხსნა.
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 31 მოგება და 28 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე გახლავთ. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე „ვაშინგტონ უიზარდსია“, რომელსაც 4 მარტს, საშინაო არენაზე დაუპირისპირდება.