დუბლი, გატანილი ჯარიმა და 0:2-დან მოგებული მატჩი | მესის ბენეფისი დერბიში
ლიონელ მესის „ინტერ მაიამიმ“ MLS-ის ახალ სეზონში პირველი სამი ქულა აიღო. „ლა პულგას“ გუნდმა მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო და „ორლანდო სითისთან“ გამართულ ფლორიდულ დერბიში, რომელშიც სტუმრის სტატუსით იასპარეზა, 4:2 იმარჯვა.
„ინტერ მაიამისთვის“ მატჩი ძალიან ცუდად დაიწყო. მე-18 წუთზე „ორლანდო სითი“ მარკო პაშალიჩმა დააწინაურა, 24-ე წუთზე კი მარტინ ოხედამ მასპინძლებს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა და „ორლანდო სითიმ“ პირველი ტაიმი მოიგო — 2:0.
„ინტერ მაიამიმ“ მეორე ნახევარი შესანიშნავად დაიწყო: 49-ე წუთზე მატეო სილვეტიმ ჩამორჩენა შეამცირა, 8 წუთში კი მესიმ ანგარიში გაათანაბრა — 2:2. 85-ე წუთზე სტუმრები ტელასკო სეგოვიას გოლით წინ გავიდნენ, ხოლო 90-ე წუთზე „ლა პულგამ“ დუბლი გაიფორმა, ჯარიმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 4:2.
ფლორიდულ დერბის დაძაბული მომენტების გარეშე არ ჩაუვლია და ერთ-ერთი მათგანი ამერიკული პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა. იწერება, რომ „ორლანდო სითის“ სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი, მთელი მატჩის განმავლობაში, მესის სიტყვიერად უპირისპირდებოდა. გატანილი ჯარიმის შემდეგ ლეომ სათადარიგოთა სკამის მისამართით ჟესტი გამოიყენა და მიანიშნა, რომ მზად იყო, მატჩის შემდეგ მათთვის ავტოგრაფები დაერიგებინა.
????Watch: Lionel Messi told the Orlando bench he’ll sign autographs for them after the game ????????????
— Inter Miami News Hub (@Intermiamicfhub) March 2, 2026
What the heck ????????????????pic.twitter.com/O0cvFvx3qA
„ლა პულგა“ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. MLS-ში გამართულ 55 შეხვედრაში მას 52 გოლი აქვს გატანილი და კარიერაში 70-ე ჯარიმა შეაგდო. მასზე მეტი ჯარიმა მხოლოდ ჟუნინიო პერნამბუკანოს (72), რობერტო დინამიტეს (75) და მარსელინიო კარიოკას (78) აქვთ გატანილი. სამაგიეროდ, „ლა პულგა“ ისტორიაში ერთადერთია, ვისაც მინიმუმ 1 ჯარიმა ზედიზედ 19 წელიწადია, გააქვს (22 წელიწადია გოლი გააქვს).