რა მოხდება თუ ირანი მსოფლიოზე ვერ ან არ ითამაშებს | რის უფლება აქვს FIFA-ს
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე თვე რჩება და არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ირანი ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მუნდიალი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება და ბოლო დღეების პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, მცირეა შანსი, ირანის ნაკრები აშშ-ში ჩავიდეს.
შესაბამისად, საინტერესოა, რა მოხდება, თუ ირანი მსოფლიოს მიღმა დარჩება. თუ ირანი ვერ შეძლებს ან არ მოისურვებს მონაწილეობას, FIFA-ს უფლება აქვს, მუნდიალზე სხვა ნაკრები დაუშვას ან ტურნირის ფორმატი შეცვალოს. რეგულაცია 6.5 სწორედ „ფორსმაჟორულ“ სიტუაციებს ეხება და მასში განმარტებულია, რომ FIFA გადაწყვეტილებას საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღებს.
შესაბამისად, თუ ირანის თამაში გამოირიცხება, FIFA-ს პრაქტიკულად ორი ვარიანტი ექნება: გააუქმოს ირანის მატჩები და შეცვალოს წესები ისე, რომ G ჯგუფი სამგუნდიანად გადაიქცეს, ან ჩაანაცვლოს ირანი სხვა ქვეყნის ნაკრებით. თუ ჩანაცვლებაზე მიდგა საქმე, მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს შეუძლია აირჩიოს როგორც იმავე ასოციაციის წარმომადგენელი, ისე მის მიღმა მყოფი ნაკრები. მაგალითად, FIFA-ს საშუალება ექნება, ინტერკონტინენტური პლეიოფის დამარცხებულს მუნდიალზე თამაშის უფლება მისცეს. მოკლედ, ორგანიზაცია მოიქცევა ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის და, რაც მთავარია, წესდების მიხედვით, ამის სრული უფლება აქვს.
თანამედროვე ეპოქაში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს. ბოლო შემთხვევა, როდესაც ქვეყნებმა კვალიფიკაციის გავლის შემდეგ ტურნირზე გამოსვლაზე უარი თქვეს, 1950 წელს დაფიქსირდა. მაშინ შოტლანდიამ და თურქეთმა წილისყრამდე თქვეს უარი, ინდოეთმა და საფრანგეთმა — წილისყრის შემდეგ, და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამართული პირველი ტურნირი მხოლოდ 13 გუნდით ჩატარდა.
თანამედროვე ეპოქაში ყველაზე ახლო პრეცედენტია 2025 წლის FIFA-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი. FIFA-მ მექსიკური „ლეონი“ ტურნირიდან მოხსნა, რადგან მისი მფლობელი სხვა მონაწილის საკონტროლო აქციებსაც ფლობდა. ორგანიზაციამ პლეიოფი დანიშნა, რომელშიც „კლუბ ამერიკა“ „ლოს ანჯელესს“ დაუპირისპირდა, და გამარჯვებულმა D ჯგუფში „ლეონი“ ჩაანაცვლა.