„ჩემი სახელი შესაძლოა არავის სცოდნოდა..
ის ფაქტი, რომ ამას კითხულობ, უკვე ღმერთის წყალობის მტკიცებულებაა..
დედა მაშინ გარდამეცვალა, როცა 2 ან 3 წლის ვიყავი. იმდენად პატარა გახლდით, რომ თითქმის არაფერი მახსოვს — მხოლოდ ის, როგორ ვეჭირე ხელში..
მე და ჩემი ექვსი და-ძმა 1-ოთახიან ბინაში ვცხოვრობდით ლაგოსის ბარაკების უბანში. მას ოლუსოსუნი ჰქვია. შეიძლება გსმენიათ კიდეც — აფრიკის ყველაზე დიდ ნაგავსაყრელთან ახლოსაა. ამბობენ, ყოველდღე იქ 10,000 ტონა ნაგავი მიაქვთ. ქიმიური ნარჩენები, გატეხილი ტელევიზორები, ყველაფერი, რაც წარმოგიდგენიათ..
ეს იყო ჩემი ეზო..
როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე და ბუცები მინდოდა, მეგობრებთან ერთად ნაგავსაყრელზე გავდიოდი და ვეძებდი..
„ეი,ნაიკი ვიპოვე! მარცხენა ფეხი! ზომა 8!“
(ერთი საათის შემდეგ…….)
„ეი, პუმა ვიპოვე!!!! მარჯვენა ფეხი!!!! ზომა 9!!!!!“
ეს იღბლიანი დღე იყო. ერთი წყვილი ბუცი გვქონდა, რომელიც ყველას უნდა გაგვეყო.
ჩვენს უბანში ოჯახების უმეტესობა ნაგავსაყრელიდან ამოღებულ ნარჩენებს ჰყიდდა, მაგრამ როცა პატარა ვიყავი, მამა მძღოლი იყო. დედის გარდაცვალების შემდეგ სამსახური დაკარგა და პოლიციის განყოფილების სამზარეულოში ჭურჭლის რეცხვა დაიწყო. ეს ფული ქირისთვის საკმარისი არ იყო. მახსოვს, ერთ ღამეს, დაახლოებით 12 წლის ვიყავი, როცა ბინის მეპატრონეს მოთმინება ამოეწურა.
მან ჩვენს ბინას დენი გამოურთო. ბნელ ოთახში ვისხედით — შვიდივე ერთად — არც ტელევიზორი, არც არაფერი. გარეთ გავედი, პირდაპირ წყალსადენის არხთან — ნამდვილ, ღია კანალიზაციასთან ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე..
ცას ავხედე და ღმერთს ვკითხე: „ეს რა ცხოვრებაა ბავშვისთვის???“
იმ პერიოდში ფეხბურთის თამაში საერთოდ შევწყვიტე. ოჯახს უნდა დავხმარებოდი, რომ საჭმელი გვქონოდა, ხომ გესმით? ჩემი დები ფორთოხლებს ჰყიდდნენ. არა ბაზარში, არამედ ქუჩაში. ლაგოსში დიდი საცობებია, ამიტომ შეგიძლია გზის პირას იდგე და მანქანებს შორის ირბინო, საჭმელი რომ მიჰყიდო. მე ძალიან სწრაფი ვიყავი, ამიტომ წყლის ბოთლის გაყიდვა კარგად გამომდიოდა. 12 ბოთლიან ყუთს თავზე ვიდებდი და ველოდებოდი, ვინმე როდის დამისიგნალებდა. მერე მწვანე შუქის ანთებამდე მანქანასთან მივრბოდი..
ვფიქრობდი: „ყველაზე სწრაფი ბავშვი ვიქნები, რაც კი უნახავთ.“
სინამდვილეში ეს მსიამოვნებდა კიდეც. თითქმის ვარჯიშს ჰგავდა..
ზოგიერთ დღეებში იმდენად დაღლილი ვბრუნდებოდი სახლში, რომ დებს ვეკითხებოდი: „შეიძლება ხვალ უბრალოდ თქვენთან ერთად ფორთოხლები გავყიდო?“

ჩემი უფროსი ძმა, ენდრიუ, ყველაზე რთულ საქმეს აკეთებდა. ღამის 3 საათზე იღვიძებდა და ქუჩაში სპორტულ გაზეთებს ჰყიდდა. ხანდახან ერთ გაზეთს სახლში მოიტანდა და ყდაზე დროგბას ან ზლატანს ვხედავდი — აღფრთოვანებული ვუყურებდი. ვგრძნობდი, თითქოს ისინი სხვა სამყაროში ცხოვრობდნენ. ჩემთვის ფეხბურთი მხოლოდ მაშინ არსებობდა, როცა არ ვმუშაობდი. სამწუხაროდ, თითქმის სულ ვმუშაობდი..
თუ სადმე ფულის შოვნის შანსი იყო, იქ ვიყავი. ერთხელ ტელეშოუშიც მოვხვდი — რაღაც ოჯახური ვიქტორინა იყო და ბოლოს მაყურებლებს იძახებდნენ. ღმერთის წყალობით, მეც დამიძახეს და ძალიან კარგად გამოვედი. პირდაპირ ეთერში დაახლოებით 10,000 ნაირა მოვიგე..
ეს იყო ყველაზე დიდი თანხა, რაც კი ოდესმე ხელში მეჭირა..
დაახლოებით 6 ევრო..
მეორე დღეს სკოლაში მეგობრები ცოტათი დამცინოდნენ:
„ძმაო, გუშინ ტელევიზორში იყავი! ერთ დღეს ქუჩაში წყალს ჰყიდი, მერე ტელევიზორში ხარ, ახლა კი ისევ აქ ხარ? რა ხდება საერთოდ?“
მაგრამ მე ეს არ მადარდებდა. მე „ჰასლერი“ ვიყავი — მუდმივად საქმეში ჩართული. რამდენიმე წელი ლაგოსში ერთ პასტორთან ვმუშაობდი. ძალიან ცნობილთან — ტელევიზორშიც გამოდიოდა. ეკლესიაში პატარა ლეპტოპი ჰქონდათ და ჩემი საქმე იყო, ხალხი დამერწმუნებინა, თავიანთი ელფოსტა მოეცათ მისი ბიულეტენისთვის. ყოველ 10 ელფოსტაზე დაახლოებით 10 ცენტს ვიღებდი. ისეთი კარგი ვიყავი ამაში, ალბათ შენც მოგპარე ელფოსტა.
„ეე?? ეს რა არის?? ვიქტორმა ისევ დამიჭირა!!
მერე დაწინაურება მივიღე და ქუჩაში პასტორის ბიბლიის სწავლების წიგნების გაყიდვა დამავალეს. ერთ-ერთს „Rhapsody of Realities“ ერქვა. კლასელები ქუჩაში რომ ჩამივლიდნენ, იცინოდნენ: „ახლა ბიბლიებს ყიდის??? რა ხდება საერთოდ???“
გითხარით — ჰასლერი ვიყავი.
რასაც კი ვშოულობდი, ყველაფერს და-ძმებს ვაძლევდი, რომ საჭმელი ეყიდათ და ქირა გადაეხადათ. უმეტეს ღამეებში ეკლესიაში მეძინა. ჩვენი სახლის სახურავი ჩამონგრევის პირას იყო. მეპატრონემ თქვა: „კარგი, გავაკეთებ, არ ინერვიულოთ.“
რამდენიმე კაცი გამოაგზავნა, მათ ნახევარი სახურავი მოხსნეს და აღარასდროს დაბრუნდნენ! (იცი, ყველასთვის ვლოცულობ. მართლა. მეპატრონეების გარდა — ისინი ლოცვებში რატომღაც სულ მავიწყდებიან.)

ყველანაირ კანონიერ სამუშაოს ვთანხმდებოდი.. ჩემი და თავის ძველ ტელეფონებს მაძლევდა — იცით, გატეხილი, დაჭყლეტილი, თითქმის გამოუსადეგარი რომ არის? აი, სწორედ ასეთ ტელეფონს ვხმარობდი.. თუ ღამის 2 საათზე დამირეკავდით და სამსახურს შემომთავაზებდით, ავიღებდი.
„სოუკავეის“ სამუშაოსაც ვაკეთებდი. იცით, რა არის სოუკავეი? ევროპაში ალბათ არა. აფრიკაში ეს არის მშრალი ჭა, რომელსაც თვითონ თხრიან. ერთ ადამიანს კიბით ძალიან ქვემოთ ჩასვლა უწევს. მეორე ზემოთ რჩება — „უსაფრთხოების კაცი“. ის ხვრელში იყურება და ყვირის: „კარგად ხარ ქვემოთ, ძმაო?“
მე უსაფრთხოების კაცი არ ვიყავი..
მე ვიყავი ის მეორე..
ჰაჰაჰაჰა..
ძალიან ბინძური სამუშაო იყო..
თითქმის ორი წელი მხოლოდ ეკლესიის გუნდში ვთამაშობდი. მერე, 15 წლის რომ გავხდი, მეგობრებთან ერთად ვთამაშობდი და ვიღაცამ მითხრა: „გსმენია? სუპერ არწივები (ნიგერიის ნაკრები) მომავალ კვირას ლაგოსში იქნებიან.“
ვუთხარი: „სად? მისამართი მომეცი.“
ავტობუსით 90 წუთის სავალი იყო, ფული კი არ მქონდა. ამიტომ ავტოსტოპით მივდიოდი. ლაგოსში ყვითელი მიკროავტობუსებია — დანფო ჰქვია. საზოგადოებრივი ტრანსპორტივითაა. მძღოლები გიჟები არიან. თუ ბავშვი ხარ ან გიჭირს, მძღოლები ნებას გაძლევენ, უბრალოდ ახვიდე და ვიღაცის კალთაში ჩაუჯდე. თუ ძალიან ეცდები, ერთ ვანში 20 კაციც ეტევა. ასე რომ, 30 წუთი ვიღაცის მუხლებზე ვიჯექი. მომავალ გაჩერებაზე სხვის კალთაში და ასე გრძელდებოდა იქამდე, სანამ დანიშნულების ადგილამდე არ მივიდოდი..
დანფოზე „სერფინგი“..
ბოლოს სტადიონამდე მივაღწიე. დაახლოებით 300 ბავშვი იყო იქ — ყველა ცდილობდა, რომ 17-წლამდელთა მწვრთნელებს შეემჩნიათ. იმდენი ვიყავით, რომ ბურთიც ვერ გამოიყენეს. უბრალოდ გვარბენინებდნენ და ვინც ნელი იყო, გამორიცხავდნენ.
სიცოცხლისთვის გავრბოდი..
დღის ბოლოს მითხრეს: „ხვალ ისევ მოდი.“
და ისევ სიცოცხლისთვის გავრბოდი..
ასე გაგრძელდა თვეები, სანამ ბოლოს ბურთით თამაშის უფლება მოგვცეს..
საოცრად კარგად ვთამაშობდი. მართლა ვფიქრობდი, რომ შევძელი. სამი თვის შემდეგ დაახლოებით 30 ბიჭი დავრჩით და გვითხრეს: „ხვალ საბოლოო შერჩევაზე მოდით.“
ვარჯიშის ბოლოს ყველანი შეგვკრიბეს. იმ 30-დან 27 სახელი გამოაცხადეს..
მხოლოდ 3 ამოაგდეს..
მე იმ სამიდან ერთ-ერთი ვიყავი. ოცნება მოკვდა. მწვრთნელს პასუხი ვთხოვე..
მან მითხრა: „ტექნიკური საკითხია. მაპატიე.“
მახსოვს, სახლში დანფოთი ვბრუნდებოდი, ვიღაცის კალთაში ვიჯექი და ტირილი ამივარდა..
კაცმა მკითხა: „რა მოხდა?“
ვუთხარი: „გრძელი ისტორიაა.“
„მაგრამ რატომ ტირი?“
„მე ფეხბურთელი ვარ. ან ვცდილობდი, ვყოფილიყავი.“

ბევრი ბავშვი დანებდებოდა. მაგრამ მე იმდენად შეყვარებული ვიყავი ფეხბურთზე, რომ ვერ შევძელი. მარტო ვვარჯიშობდი და თვეები გადიოდა. მერე ერთ დღეს ვიღაცამ მითხრა: „ნაკრები ორ კვირაში ისევ ლაგოსში ჩამოდის.“
ვუთხარი: „როცა ჩამოვლენ, დამირეკე.“
ეს დღეც დადგა. სამუშაოდან გავიქეცი, ავტობუსში ჩავჯექი და პირდაპირ სტადიონზე წავედი. როცა მივედი...
600 ბავშვი. ყველა ცდილობდა, რომ შეემჩნიათ..
იმდენი ვიყავით, რომ მწვრთნელი ემანუელ ამუნიკე მიკროფონთან მივიდა და თქვა:
„დღეს ყველას ვერ გნახავთ. შეუძლებელია. ორ კვირაში აბუჯაში ვიქნებით. თუ დარწმუნებული ხარ, რომ კარგი ხარ — მართლა კარგი — აბუჯაში ჩამოდი და იქ მნახე.“
აბუჯა.. იქამდე მანქანით 9 საათის გზაა. და მე მანქანა არ მყავდა. ვიცნობდი ერთ კაცს, რომელსაც აგენტს ეძახდნენ. უფრო უბნის აგენტი იყო. ვუთხარი: „დასრულდა.“
ორი კვირის შემდეგ დამირეკა და მითხრა: „მანქანა ვიქირავე. წავიდეთ.“
ვკითხე: „სად დავრჩებით?“
მითხრა: „არ იდარდო, ძმა მყავს აბუჯაში.“
წასვლამდე დილით საშინლად ვინერვიულე. არასდროს დამიტოვებია ჩემი ქალაქი. იქ ყველაფერი ნაცნობი და კომფორტული იყო. ოთხი საათი გავიდა და აგენტს დავურეკე..
ვუთხარი: „დაივიწყე. არსად მივდივარ. აქ კარგად ვარ.“
მამამ გაიგონა, რაც ხდებოდა, და უბრალოდ თქვა:
„უნდა წახვიდე.“
სხვა ბევრი არაფერი უთქვამს.. გაიმეორა:
„უნდა წახვიდე.“
ვიცოდი, რომ მართალი იყო. სახლიდან ზურგჩანთით და ორი გამოსაცვლელი ტანსაცმლით გავედი — რაც მეცვა და ერთი მწვანე ფორმა ჩანთაში. იღბლიანი მწვანე. ყველაზე ძველი მანქანით, რაც კი წარმოგიდგენიათ, აბუჯაში წავედით და შუაღამისას ჩავედით..
მეორე დილით მზე ამოვიდა და დავინახე — მილიონი ბავშვი ოცნებით..
კარგი, შეიძლება მილიონი გაზვიადებაა, მაგრამ დიდად არა. ალბათ 900 ბავშვი მაინც ელოდა სტადიონთან. პირველ დღეს მოედანზეც ვერ მოვხვდი. მეორე დღეს ერთ-ერთმა მწვრთნელმა ჩემზე მიუთითა..
„მწვანე მაისური. მოდი. 15 წუთი გაქვს.“
მხოლოდ 15 წუთი — ჩემი ცხოვრების შესაცვლელად. ვიცოდი, რომ ერთადერთი გზა მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად სირბილი იყო. ამიტომ ვირბინე, ისე თითქოს სისხლს ვიღვრიდი.
15 წუთში 2 გოლი გავიტანე..
ვიფიქრე, იქნებ შანსი მაქვს. მაგრამ მერე მწვრთნელები მიკროფონთან მივიდნენ და სახელების გამოცხადება დაიწყეს. ჩემი სახელი არ გამიგია. ყველა პარკინგისკენ წავიდა.
ოცნება ისევ მოკვდა. უკვე მანქანაში ჩაჯდომას ვაპირებდი, როცა ყვირილი გავიგონე..
„ეი! ეი! მწვანე მაისური!“
რა???
მოვბრუნდი და რამდენიმე ბიჭი ხელს მიქნევდა..
მე???
უკან მოვიხედე..
„მწვანე მაისური!“
იღბლიანი მწვანე..
მივირბინე მათთან და მითხრეს:
„მწვრთნელს შენი ნახვა უნდა. გუნდის ექიმმა უთხრა, რომ შენ იყავი ის ბიჭი, ვინც ორი გოლი გაიტანა. შენ ხარ ის ბიჭი?“
ვუთხარი: „მე ვარ ის ბიჭი!!! მე ვარ!!!“
სტადიონზე დავბრუნდი და ექიმი ჩემზე მიუთითებდა, ორი თითი ჰქონდა აწეული..
მან თქვა: „ეს ის ბიჭია.“
ორმა თითმა გადამარჩინა..
რომ არა იმ გუნდის ექიმი, დღეს ფეხბურთელი არ ვიქნებოდი. ალბათ ჭის ფსკერზე ვიქნებოდი ისევ..
შერჩევები უსასრულოდ გრძელდებოდა. თუ „გაკეთებული“ გქონდა საქმე, გუნდთან ერთად სასტუმროში რჩებოდი. მე კი ისევ ჩემი აგენტის ძმის სახლში ვცხოვრობდი. მის ბავშვებს სკოლაში ვაცილებდი, ჭურჭელს ვრეცხავდი. ისეთი მორცხვი ვიყავი, რომ ვერ ვხვდებოდი, როცა მისი ცოლი საჭმელს ჩემთვის დებდა. ვარჯიშიდან რომ დავბრუნდებოდი, საჭმელს დავინახავდი და მეგონა ნარჩენი იყო. პურის ნაჭერს მოვატეხავდი, სახლის უკან გავიდოდი და ჩუმად ვჭამდი.
ერთ დღეს მისმა ცოლმა მკითხა:
— რა მოხდა? ჩემი საჭმელი არ მოგწონს?
ვუთხარი:
— ჩემთვისაა???
— რა თქმა უნდა!
როცა საბოლოოდ გუნდში დამტოვეს და სასტუმროში საწოლი მომცეს, ვუთხარი:
„მადლობა. შენ გადამარჩინე. სულ შენთვის ვილოცებ. ახლა უკვე ჩემი ოჯახი ხარ.“
ჩემი ცხოვრება ელვის სისწრაფით შეიცვალა. მომდევნო წელს ჩილეში 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე წავედით და ყველაფერი ამიფეთქდა. 7 თამაშში 10 გოლი გავიტანე და ოქროს ბუცი მოვიგე. მსოფლიო ჩემპიონები გავხდით. ამას არავინ ელოდა. არც მე..
მსოფლიო ჩემპიონატიდან რომ დავბრუნდი, ცოტა ფული მომცეს. ბოლოს და ბოლოს „მილიონერი“ ვიყავი — ნაირაში, სამწუხაროდ. ჰაჰაჰა. ანუ რამდენიმე ათასი ევრო. დებს დავურეკე და ვუთხარი:
„2-ოთახიან სახლში გადაგიყვანთ. ყველაფერს მე მივხედავ. მხოლოდ ის მინდა, რომ ლოცვებში მომიხსენიოთ.“
რამდენიმე წლის შემდეგ ვოლფსბურგში გადავედი და იმდენი ფული მივიღე, რამდენსაც ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი. ტელეფონში ბანკის აპს ვაახლებდი.
გვერდის განახლება.. ისევ ღარიბი..
გვერდის განახლება.. ისევ ღარიბი..
გვერდის განახლება.. და რიცხვი შეიცვალა. გაიზარდა. თითქოს ყალბი იყო. გავგიჟდი. მართლა დავიწყე ხტუნვა..
ორი წლით ადრე 10 ცენტად წყალს ვყიდდი.
კარგ დღეს მაქსიმუმ 2 დოლარს ვშოულობდი..
ახლა კი ტელეფონში მილიონს ვხედავდი..
თვალები მოვიწმინდე.
ვოცნებობ?
გვერდის განახლება, გვერდის განახლება, გვერდის განახლება..
არა, ნამდვილია.
მუხლებზე დავეცი და ღმერთს მადლობა გადავუხადე..
მამას დავურეკე და ვუთხარი:
„აღარასდროს ინერვიულო ქირაზე. ახლა შენ შენი სახლი გექნება.“
მამას მძღოლიც ავუყვანე — ასაკში იყო, გულიც აწუხებდა. მაგრამ ამაყად მითხრა:
„ეს რაში მჭირდება? მე თვითონ ვიყავი მძღოლი! ფული შეინახე!“
ვუთხარი:
„მაგრამ ამ ადამიანს სამსახური სჭირდება.“
მითხრა:
„კარგი. ჩემთან ახლოს იქნება და შენ გადაუხდი. მე თვითონ ვატარებ მანქანას.“
მძღოლი გვერდით ეჯდა, როგორც მისი თანაშემწე. მამას მხოლოდ ძველ მეგობრებთან ერთად პოლიციის განყოფილებაში ჯდომა უნდოდა..
ვოლფსბურგიდან ლილში რომ გადავედი, მამას ჯანმრთელობა გაუარესდა. მე სულ გზაში ვიყავი. მერე, კოვიდის დასაწყისში, საავადმყოფოში მოხვდა. მე საფრანგეთში ვიყავი, მარტო.. ფეხბურთი გაჩერებული იყო. აეროპორტები დახურული. აგენტს ვურეკავდი, კერძო რეისის მოწყობას ვცდილობდი. ნებართვაც მქონდა. მხოლოდ კლუბისა და აგენტის თანხმობა მჭირდებოდა..
ველოდებოდი..
ის კი უარესდებოდა..
ყოველ საათში ვრეკავდი. ვეხვეწებოდი. მაშინ გავიგე ფეხბურთის ბნელი მხარე. ბიზნესი. ჩემი გაყიდვა უნდოდათ. ტრანსფერზე მსჯელობდნენ. აგენტი მეუბნებოდა: „რთულია. დაელოდე.“
ვგიჟდებოდი.. ვერ ვიძინებდი..
ერთ დილას შხაპის მისაღებად ტელეფონი ქვემოთ დავტოვე. საწოლთან დედის ფოტო მედო ყოველთვის. ფოტოს შევხედე და უცნაური შეგრძნება დამეუფლა. ტირილი ამივარდა. ვიგრძენი — რაღაც არასწორია.
ქვემოთ ჩავედი — 20 გამოტოვებული ზარი. ჩემს ძმას ვიდეო ზარით დავურეკე..
მან მითხრა: „აღარ არის.“
კამერა მამაზე მიაბრუნა..
„დაემშვიდობე..“
ტელეფონი მოვისროლე და გავგიჟდი. სახლი დავანგრიე. ყველაფერი დავლეწე. მეზობლები მოვიდნენ — საფრანგეთში მარტო რომ ვიყავი, ისინი ოჯახივით იყვნენ. ერთი მეზობელი 5-6 საათი ჩემთან იყო. ალბათ სისულელეს გადამარჩინა..
თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ყველა შვილი და შვილიშვილი მამასთან იყო..
მხოლოდ ერთი ადამიანი არ იყო მის გვერდით — მე!!
გაბრაზებული ვიყავი.. ავფეთქდი..
ვიფიქრე: თუ ფეხბურთი ასეთია, რა აზრი აქვს? მხოლოდ ოჯახთან ყოფნა მინდა.
აგენტს დავურეკე:
„მამას დაკრძალვაზე წავიდე?“
მან მითხრა:
„წადი. მაგრამ პარასკევს დაბრუნდი.“
პარასკევს? ჯანდაბას ფეხბურთი..
სახლში რომ ჩავედი, მართლა ვფიქრობდი, რომ ფეხბურთს შეიძლება საერთოდ აღარ დავუბრუნებოდი. ყველაფერი მძულდა..
ხშირად ვამბობ: „ყველაფერი მაქვს ნანახი, მართლა ყველაფერი.“
ხალხი ვერ ხვდება, რას ვგულისხმობ..
ეს არ არის მხოლოდ ნაგავსაყრელთან გაზრდა..
არა მხოლოდ უშუქობაში ცხოვრება..
ეს არის ნამდვილი დანაკარგი.. ღრმად..
ლილიდან რომ წამოვედი, დაკარგული ვიყავი..
ნაპოლიში რომ მივედი — თავი ვიპოვე..
ქალაქს, გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს მადლობა უნდა ვუთხრა — ჩემი ცხოვრება შეცვალეს..
ჩასვლისას პირველ შეხვედრაზე სპალეტის ვუთხარი:
„კარგად არ ვარ. ძალიან გაბრაზებული და ძალიან სევდიანი ვარ. გონება არეული მაქვს..“
ის მამასავით იყო ჩემთვის. თუ რამეს არასწორად ვაკეთებდი, მკაცრად მომმართავდა, მაგრამ გულის სიღრმეში სჯეროდა ჩემი.. ფიქრობდა, რომ მსოფლიოში საუკეთესო შეიძლებოდა გავმხდარიყავი..
ერთ თამაშში 2 გოლს გავიტანდი, გასახდელში მოვიდოდა, მომიახლოვებდა და თითქმის ჩურჩულით მეტყოდა:
„Cazzo!! დღეს 4 უნდა გაგეტანა. ხვალ ვიდეოს გაჩვენებ.“

სასაცილოა, რადგან, როცა მე მივედი „ძველი გვარდია“ უკვე წასული იყო — კულიბალი, ინსინიე, მერტენსი. მაგრამ 2022–2023 სეზონში კვარაცხელია, რასპადორი და კიმ მინ-ჯე მოვიდნენ და ყველამ თქვა: „ოო, საინტერესოა...“
სეზონი ისეთი ბრწყინვალედ დავიწყეთ, რომ ხშირად ვამბობ — ბებიებიც კი მოდიოდნენ ვარჯიშზე. ნაპოლიში რაც უკეთ თამაშობ, მით უფრო ასაკოვან ხალხს ხედავ ბაზაზე. თავიდან მხოლოდ ულტრასები. მერე ახალგაზრდები მამებთან ერთად. შემდეგ — შვილი, მამა და ბაბუა. მაგრამ როცა პირველ ადგილზე ხარ, უცებ ეტლით მოსიარულე ბებიებიც ჩნდებიან.
გეუბნებიან:
„შვილო, შენთვის ვლოცულობ.“
„მადლობა.“
„მარადონასავით თამაში არ გჭირდება. მასავით ვერავინ ითამაშებს. უბრალოდ ირბინე და იბრძოლე..“
მახსოვს, სერია ა-ში 8 ქულით წინ ვიყავით და ვიფიქრეთ — „კარგი, გავაკეთეთ საქმე.“
ბუნებრივია. ვარჯიშზე არასდროს ვხუმრობდით, რადგან სპალეტი არ გვაძლევდა ამის საშუალებას, მაგრამ ერთ დღეს ცოტათი თავქარიანები ვიყავით. პატარა მოედანზე ვთამაშობდით და ბიჭები ეცემოდნენ, აჭარბებდნენ, ყვიროდნენ: „ჯარიმაა! მსაჯო!“ — უბრალოდ სიცილისთვის..
სპალეტიმ თამაში გააჩერა და ასისტენტებს უთხრა:
„კარები აიღეთ!“
ისინი გაოცებულები უყურებდნენ: „რა?“
„აიღეთ!!!!!“
30 წუთი ვირბინეთ ბურთის გარეშე.
მეორე დღეს ისევ ვიცინოდით გასახდელში. მოედანზე გავედით... ბურთები არ იყო.
„ირბინეთ.“
„მაგრამ მისტერ...“
„ირბინეთ, სანამ არ გეტყვით გაჩერდეთ!!!!!“
„მისტერ, გთხოვთ...“
„ირბინეთ!!!!!“
კაპიტან დი ლორენცოსთან მივედით. მან მხოლოდ თქვა: „ბიჭებო, რა გითხრათ?“
მწვრთნელს ბოდიში მოვუხადეთ, თითქმის მუხლებზე ვიყავით. მან არაფერი თქვა..
„Cazzo!!!!!! ირბინეთ!!!!!“
ორი დღე ბურთი არ გვინახავს..
როცა ისევ ის ლამაზი ფეხბურთი დავინახეთ, ბედნიერებისგან ტირილიც კი შეგვეძლო..
მას მერე ვეღარავინ ხუმრობდა..
ვერც ვუჩივლებდით, რადგან იმ პერიოდში სპალეტის თავის ოფისში ეძინა. პატარა საწოლი ჰქონდა, სამხედროების მსგავსად. სახლში ცოლი ელოდებოდა, მაგრამ ხუთი თვე იქ ეძინა.
დიდი თამაშების წინ გვეუბნებოდა:
„თქვენ ვერ ხვდებით, რა მოხდება თუ ტიტულს მოიგებთ. ჩემზე შეიძლება 2–3 წელი ილაპარაკონ. თქვენზე კი — სანამ მოხუცები გახდებით.“
ყველა მეკითხება იმ გოლზე, რომელიც ბოლო ტურში გავიტანე და სკუდეტო მოვიგეთ. კი, გოლი საოცარი იყო. მაგრამ სტუმრად ვთამაშობდით. ბოლომდე ვერ გავაცნობიერეთ, რა გავაკეთეთ, სანამ ქალაქში არ დავბრუნდით და ხალხის ემოცია არ ვნახეთ. სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ყველაზე მიახლოებული, რაც შემიძლია აგიხსნათ, ეს არის:
სკუდეტოს მოგებამდე ცოტა ხნით ადრე ვარჯიშის ბაზასთან გულშემატკივართა ბრბო იყო. მანქანა გავაჩერე, ხელი ჩამოვართვი. ერთ კაცს შვილი ჰყავდა და ტელეფონზე ვიდეო მაჩვენა — მარადონას დროინდელი, 80-იანებიდან. ინგლისური არ იცოდა. თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.
ვკითხე: „რას ამბობს?“
ვიღაცამ თარგმნა.
მან თქვა:
„ათასი წლის შემდეგაც გვემახსოვრებით. როცა ჩვენ ყველა მტვრად ვიქცევით, თქვენ გაგიხსენებენ.“
სწორედ ამ გრძნობისთვის ვთამაშობ ფეხბურთს..
ტიტულის მოგება ერთია. მაგრამ ნაპოლისთვის სკუდეტოს მოგება 33 წლის შემდეგ — ეს ნამდვილი ისტორიაა.
სწორედ ამიტომ ვირჩევ იმ გუნდებს, რომლებსაც ვირჩევ..

ნაპოლიდან რომ წავედი, იცით რამდენმა მითხრა:
„თურქეთში არ წახვიდე. გაგიჟდი?“
ერთმა ყოფილმა აგენტმაც კი მითხრა:
„არა, არა, არა. იქ ნუ წახვალ. ჭკვიანური ნაბიჯი არ არის.“
მაგრამ მე გულით ვფიქრობ. მინდოდა „გალათასარაიში“ თამაში. ნაპოლის ემოციიდან როგორ უნდა წავსულიყავი უბრალოდ ნებისმიერ კლუბში? შეუძლებელია. მოსაწყენი იქნებოდა.
მინდოდა წავსულიყავი ისეთ კლუბში, რომელიც მსოფლიოში ტოპ 3-შია ვნების თვალსაზრისით. ასეთ ხალხს მართლა ესმის ჩემი. მათ, ვინც ფეხბურთით სხვანაირად ცხოვრობს.
ოკან ბურუკთან ტელეფონით რომ ვილაპარაკე, ხელის მოწერამდე, მითხრა:
„პირადად გეუბნები, როგორც ადამიანი, როგორც მწვრთნელი და როგორც მამა — მინდა ჩემს კლუბში მყავდე. ვიცი, ეს გულშემატკივრები ძალიან შეგიყვარებენ. რთულ დროსაც კი, ეს კლუბი შენ გვერდით იქნება.“
თურქეთში გაფრენამდე ყველაფერი ღმერთს მივანდე..
თვითმფრინავი რომ დაეშვა, შუა ღამეს კერძო აერპორტში 3,000 „გალას“ გულშემატკივარი მელოდა. ჩემს ფრენას ადევნებდნენ თვალს! ხალხმა გაშლილი ხელებით მიმიღო. ეს გრძნობა ფულზე ძვირფასია..
თუ არ გჯერათ, უბრალოდ ვან დაიკს ჰკითხეთ. ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ თამაშის შემდეგ ველაპარაკე და მითხრა:
„ძმაო, რა ატმოსფეროა ეს!?“
ვუთხარი:
„სიმართლე გითხრა, აქ რომ არ მოვსულიყავი და ვინმეს უბრალოდ ეთქვა, არც მე დავიჯერებდი.“

აქ რომ მოვედი, ყველამ თქვა:
„რას აკეთებს? რატომ უნდა ‘გალათასარაი’?“
თუ ჩემი ისტორია იცით, ამ კითხვაზე პასუხიც იცით. 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს ბუცი რომ მოვიგე, ერთმა ჟურნალისტმა მკითხა:
„არავინ გიცნობდა. ახლა ყველამ იცის შენი სახელი. რას უნდა მიაღწიო?“
ჩემი პასუხი დღესაც იგივეა, რაც 15 წლის წინ იყო, როცა ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ვიყავი.
სიდიადე..
მინდა შთაგონება ვიყო იმ ბავშვებისთვის, ვინც ჩემნაირ პირობებში გაიზარდა. მილიონები ვართ. ბავშვები, რომლებსაც შემდეგი ლუკმისთვის მუშაობა უწევთ..
საცობებში წყალს ჰყიდიან. ნაგავსაყრელებში დაძვრებიან რაღაცის საპოვნელად..
იბრძვიან.. ოცნებობენ.. ლოცულობენ..
ბედნიერებას ფული არ მაძლევს. მით უმეტეს არა დიდება — სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ ძალიან მოსაწყენიცაა..
ნამდვილ ნეტარებას მაძლევს ის, როცა ნიგერიაში სახლში ვბრუნდები, ან სტამბოლის ქუჩაში ჩვეულებრივი ჰუდით დავდივარ და ისევ მე ვარ — უბრალოდ მე..
შემიძლია ბავშვებს ველაპარაკო და ვუთხრა:
„ეი, მე შენ ვიყავი. ბავშვი ერთი ნაიკით და ერთი პუმით. ზომა 8 და ზომა 9.“
ღმერთის წყალობით, შევძელი..
მინდა, ჩემი ისტორია მტკიცებულება იყოს იმ ბავშვებისთვის..
შეიძლება დაიწყო ფსკერიდან, ნაგვის ურნიდან.. და მაინც.. და მაინც..
შენი სახელი მათ ტუჩებზე იყოს 1,000 წლის განმავლობაში..“ - მე ვიქტორ ოსიმენი ვარ