რომარიო, რონალდო ნაზარიო
Aa Aa

„რო-რო“, სამბას სიმფონიები | ისინი იყვნენ და შემდეგ აღარ იყვნენ

ამ ორიდან ერთ-ერთი წარმოუდგენელი ნიჭის პატრონი იყო — პსვ ეინდჰოვენის აკადემიის აღზრდილი, რომელიც დროში უკვდავ „ბარსელონას“ გმირად იქცა..

ბრაზილიელი საოცრება და მთელი თაობის უდავო კუმირი, შემტევი ძალის დაუვიწყარი დემონსტრაციით, მსოფლიო ჩემპიონი, ოქროს ბუცის მფლობელი, წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, დაცვებისთვის მუდმივი საფრთხე და უდავოდ, ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი, ვისაც კი ოდესმე უთამაშია..

და მეორე? სიმართლე რომ ითქვას — ისიც ზუსტად ასეთივე იყო.

რონალდოსა და რომარიოს პარტნიორობის ყველაზე გამორჩეული დეტალი მათი მსგავსება იყო, მაგრამ არა ყველაფერში — ისინი ნამდვილად არ იყვნენ ერთმანეთის ასლები. მაგალითად, მათი სათამაშო სტილი სრულიად განსხვავდებოდა. რონალდო, როგორც The Guardian-ის ჟურნალისტი ნიკ მილერი წერს, იყო „ბუნების ძალა, ჯოჯოხეთის ცეცხლის აფეთქება და ბურთის დათმობაზე კატეგორიული უარის მთქმელი.“

ხოლო რომარიო?!

„ეყრდნობოდა ეშმაკობას, მოკლე და მკვეთრ აჩქარებებს და ხშირად დაუფასებელ, მაგრამ საოცრად ეფექტურ ფეხის წვერით დარტყმას.“

თუმცა მათი კარიერის გზის განხილვისას — იმ მრუდე, მაგრამ თავდაჯერებით გავლილი ბილიკების, რომლებმაც ისინი სპორტის უმაღლეს მწვერვალამდე მიიყვანა — ეს დუეტი საოცრად ჰგავდა ერთმანეთს.

სხვა ცხოვრებაში, სხვა ეპოქაში, შესაძლოა ორივე სრულიად უნიკალური ყოფილიყო — გამორჩეული პრეტენდენტებს შორის, შეუდარებელი თავიანთი ისტორიებითა და წარმატებებით, რომლებიც მათ კარიერებს ამშვენებდა, მაგრამ ყველა იმ გულშემატკივრის ბედნიერებისთვის, ვისაც მათი თამაში უნახავს, ისინი ერთად აღმოჩნდნენ გვერდიგვერდ, თავიანთი დიდებული საფეხბურთო ერის ყვითელ, ლურჯ და მწვანე ფერებში.. ბედისწერისგან მენიჭათ შესაძლებლობით, შეექმნათ ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი შემტევი წყვილი, რაც ფეხბურთს ოდესმე უნახავს.

მიუხედავად იმისა, რომ მათი ერთობლივი დრო შემაწუხებლად მოკლე აღმოჩნდა — კლუბებს შორის გადასვლებმა ისინი ერთმანეთის გვერდით ისე გაატარეს, როგორც ღამეში შემხვედრი გემები და არ მისცეს შანსი საკლუბო დონეზე ერთად ეთამაშათ — ბრაზილიის ნაკრებში მოკლე თანამშრომლობა შესაძლებლობა იყო, რომელიც მათ გარემოებათა ხელიდან დაუნანებლად გამოსტაცეს. მათი პარტნიორობა ხანმოკლე იყო, მაგრამ აუხსნელად ბრწყინვალე..

თავიანთი კარიერის საწყის ეტაპზე რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმასა და რომარიო დე სოუზა ფარიას გზები თითქოს უნებლიეთ ემთხვეოდა გამოთქმას — „როცა ერთი კარი იხურება, მეორე იღება“. უფრო ზუსტად კი ასე:

„როცა ერთი კარი იხურება და ერთი ბრაზილიელი ფორვარდი მიდის, ხშირად სწორედ იგივე კარი იღება, რათა მის ადგილას კიდევ ერთი, უფრო ახალგაზრდა ბრაზილიელი ფორვარდი შევიდეს.“

ყოველ შემთხვევაში, ასე მოხდა მათ პირველ ორ ევროპულ კლუბში..

22 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც ბრაზილიაში ყველა მეტოქე დაამარცხა და „ვასკო და გამაში“ გამორჩეული სეზონების შემდეგ ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზა, რომარიო სამშობლოს დაემშვიდობა და ევროპაში წარმატების საძიებლად გაემგზავრა. მისი არჩევანი პსვ ეინდჰოვენი იყო, სადაც 1988–1993 წლებში თამაშობდა. ცოტა ხნის შემდეგ, მსგავს გზას დაადგა რონალდოც — მან ბავშვობის კლუბი „კრუზეირო“ დატოვა და 1994 წელს, დიდი აჟიოტაჟის ფონზე, თანამემამულის კვალდაკვალ პსვ-ს შეუერთდა.

ნიდერლანდებში ორი ბრწყინვალე სეზონის შემდეგ რონალდომ „ბარსელონას“ ყურადღება მიიპყრო და წამითაც არ უფიქრია — ესპანურ გრანდს მსოფლიო რეკორდული ტრანსფერით შეუერთდა. იმ დროისთვის კი რომარიოს უკვე გავლილი ჰქონდა იგივე გზა: მან პსვ დატოვა, „ბარსელონაში“ ორი გამორჩეული სეზონი ჩაატარა და შემდეგ კვლავ ბრაზილიაში დაბრუნდა.

ნიდერლანდებსა და ესპანეთში, კლუბიდან კლუბში, რონალდო შედიოდა იქ, საიდანაც რომარიო გადიოდა.. ეს მოვლენები უბრალო დამთხვევა იყო — რომარიოს წასვლები არასდროს ყოფილა დამოკიდებული რონალდოს მოსვლაზე, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ პსვ-ს არჩევისას რონალდომ თავად ითხოვა და გაითვალისწინა რომარიოს რჩევა, მას არასდროს უცდია შეგნებულად მისი მიბაძვა ან ჩრდილში მიყოლა.

და მაინც, რჩება ის მტკივნეული შეგრძნება — ბუნდოვანი, ჩუმი ტკივილი, მუდმივი შეხსენება იმისა, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო. შეუძლებელია არ იოცნებო იმ ჰაილაითებზე, რომლებიც მხოლოდ ამ წყვილს მიეძღვნებოდა, მათ რომ საკლუბო დონეზე ხანგრძლივი დუეტი შეექმნათ.

საბედნიეროდ, თუ ევროპულმა ფეხბურთმა ვერ გააერთიანა ისინი, ამას მათი საერთო სამშობლო მოახერხებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის ნაკრებში მათი ერთობლივი დრო ტრაგიკულად ხანმოკლე აღმოჩნდა, მათი წარმოუდგენელი ნიჭი საკმარისი იყო იმისთვის, რომ უამრავი დაუვიწყარი მომენტი შეექმნათ..

1994 წელს რონალდოს ელვისებური გამოჩენა მსოფლიო სცენაზე, ჯილდოდ მსოფლიო ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრით დასრულდა — ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მართალია, თავად არ უთამაშია და მხოლოდ „მეორეხარისხოვანი როლი“ ჰქონდა სამბის ვარსკვლავებით სავსე ანსამბლში, მაგრამ მას მიეცა უნიკალური შესაძლებლობა — პირველ რიგში ენახა „რომარიოს შოუ“, როცა მისი მომავალი პარტნიორი ამერიკას ანათებდა და საბოლოოდ ფეხბურთის ყველაზე სანატრელი თასი მოიპოვა..



რომარიომ გოლი პირველივე მატჩში გაიტანა. ბრაზილიამ რუსეთი 2-0 დაამარცხა — და იგივე გააკეთა კამერუნთან 3-0 მოგებულ შეხვედრაშიც. შვედეთთან, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, ბრაზილია 1-1 ფრეს დასჯერდა და გადამწყვეტი, ჯგუფის პირველ ადგილზე გასვლის გოლი კვლავ რომარიომ გაიტანა.

მერვედფინალში მასპინძლების დამარცხების შემდეგ ბებეტოს გოლის წყალობით — რომარიომ კიდევ ერთხელ აანთო ცისფერი ფითილი, როდესაც ნიდერლანდების წინააღმდეგ დრამატულ მეოთხედფინალში პირველი გოლი გაიტანა და ბრაზილიამ 3:2 გაიმარჯვა. ნახევარფინალში, სადაც ბრაზილია კვლავ შვედეთს დაუპირისპირდა. ერთადერთი გოლი კვლავ რომარიომ გაიტანა და სელესაო ფინალში გაიყვანა..

პასადენაში, როუზ ბოულზე შეკრებილი 94,000 გულშემატკივრის წინაშე, ბრაზილიის მეოთხე მსოფლიო თასის მოპოვების მცდელობა უგოლო ფრედ დასრულდა. იტალიამ გაძლო, თუმცა პენალტების სერიაში სამხრეთამერიკელებმა გამარჯვება იზეიმეს: სამი ზუსტი დარტყმა ორის წინააღმდეგ. გასაკვირი არც იყო, რომ რომარიომ თავისი პენალტი ზუსტად შეასრულა და მთელი ტურნირის განმავლობაში ნაჩვენები გოლეადორული გმირობისთვის ოქროს ბურთით დაჯილდოვდა — ჯილდოთი, რომელიც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს ენიჭება.


მისი მწვრთნელი ამ ჩემპიონატზე, კარლოს ალბერტო პარეირა, ღიად აღიარებდა ელ ბაიშინიოს — „პატარას“, როგორც რომარიოს ხშირად ეძახდნენ — ბრწყინვალებას, უწოდებდა მას „ტექნიკურ, გამორჩეულ ფეხბურთელს“ და ადარებდა „მატადორს… მკვლელს საჯარიმოში“.

1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გვერდიდან დანახული რომარიოს ისტორიული გოლების შემდეგ, რონალდო მოგვიანებით ამბობდა:

„მე ვითამაშე საოცარ ფეხბურთელებთან და ის ერთ-ერთი მათგანია. ზიკოსთან თამაშის შანსი არ მქონია, მაგრამ ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, რომარიო იყო ყველაზე გადამწყვეტი ბრაზილიელი ფეხბურთელი. ის იყო დიდი ბომბარდირი, დამამთავრებელი, ტექნიკური, ოპორტუნისტი. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მისგან ვისწავლე.“

სწორედ 1997 წლის კონფედერაციის თასზე, საუდის არაბეთის ერ-რიადში, რონალდომ და რომარიომ ოფიციალურად დაამკვიდრეს „რო-რო“ პარტნიორობა — დუეტი, რომელმაც ტურნირის გადამწყვეტ ეტაპებზე ნამდვილი ქაოსი მოახდინა და ბრაზილიელ გულშემატკივრებს კიდევ მეტის ნახვის სურვილი გაუღვივა.

ჯგუფში, სადაც ბრაზილიას ავსტრალია (წინა წლის ოკეანეთის ჩემპიონი), მექსიკა (გოლდ ქაფის მფლობელი) და საუდის არაბეთი (აზიის თასის გამარჯვებული) შეხვდნენ, მსოფლიო ჩემპიონებმა იოლად გაიკვლიეს გზა პლეი-ოფისკენ: საუდის არაბეთისა და მექსიკის დამარცხება ავსტრალიასთან უღიმღამო ფრეს შორის მოექცა. ნახევარფინალში ბრაზილიამ ჩეხეთი დაამარცხა — თითო გოლი რონალდოსა და რომარიოსგან — რაც მხოლოდ გახურება აღმოჩნდა ბევრად უფრო გემრიელი მთავარი კერძის წინ.

ტურნირის ფინალში ბრაზილიამ მთელი ძალით „აამუშავა ძრავები“ — ანუ უფრო სწორად რომ ვთქვათ, რო-რო, რონალდო და რომარიო ამუშავდნენ. შეუდარებელი შემტევი ხელოვნების საღამო მატჩის მე-15 წუთზე დაიწყო, როდესაც დენილსონი ავსტრალიის საჯარიმოში ელვის სისწრაფით შეიჭრა, შემდეგ ბურთი ცენტრისკენ მოჭრა და იქ მოლოდინში მდგომ რონალდოს მიაწოდა. ბრაზილიელმა ფორვარდმა მშვიდად და ზუსტად დააგვირგვინა შეტევა და ანგარიში გახსნა. თორმეტი წუთის შემდეგ რონალდომ საკუთარი გოლების რაოდენობა გააორმაგა.

ჟუნინიომ უხერხული, მაღალი პასი გადაკიდა მეტოქის საჯარიმოსკენ — ალბათ ავსტრალიელთა დაცვაში შეცდომის გამოწვევის იმედით. სწორედ ეს მოხდა. ორი მცველი წამით დაიბნა, რონალდო მაშინვე ჩაერთო, სივრცე სწრაფად „შეჭამა“, მათ შორის გაიპარა და თავხედურად გააცურა ბურთი მეკარის გვერდით შორეულ კუთხეში.

შემდეგ რომარიოს ჯერიც დადგა, რათა დუბლი შეესრულებინა. ტაიმის დასრულებამდე ბრაზილიამ კიდევ არაერთი მომენტი შექმნა, ხოლო მომდევნო გოლი კაფუს ჩახვეული პასიდან გავიდა. ბურთი რომარიომ მკერდით მიიღო და ავსტრალიის კარისკენ გაუშვა — მარკ ბოსნიჩი უძლური აღმოჩნდა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან მხოლოდ რვა წუთში რომარიომ მეორე გოლიც გაიტანა. კვლავ კაფუს ჩამოკიდებული პასი, ამჯერად რონალდოს თავზე დაეშვა, რომელმაც ინსტინქტურად უკან, პარტნიორისკენ გადააგდო. ბურთმა ავსტრალიელი მცველის სასოწარკვეთილი ჩაჭრის მცდელობას გადაუფრინა, რომარიომ მკერდით დაიმორჩილა და მშვიდად გაიტანა.

 4:0..

„რო-რო“ - ორზე ორით.

უმალ ჰეთ-თრიკისთვის რბოლა დაიწყო..

პირველი ჰეთ-თრიკი რონალდოს ერგო. მან შორიდან გადმოგდებული პასი მკერდით მიიღო, ბურთს მიწასთან ერთი შეხება აცადა და შემდეგ მარჯვენა ფეხით ისეთი ძალით დაარტყა, რომ ბურთმა ბოსნიჩის კარი ფაქტრობრივად გაარღვია.

დაცვიდან შეტევაში წამებში გადასვლა, რონალდოს პოზიციური გრძნობა, სიფხიზლე, შეხების სიზუსტე და დაუძლეველი ძალა, მისი დღის გოლეადორულ გამოსვლას სრულყოფილ წერტილს უსვამდა. მაგრამ სანამ თამაში ფორმალურად დასრულდებოდა და სანამ ბრაზილიელები კონფედერაციის თასს ხელში აიღებდნენ, ერთი ბოლო მოქმედება რჩებოდა: რომარიოს ჰეთ-თრიკის დასრულება..

ყველაზე ნაკლებად სანახაობრივი გოლი სწორედ რომარიოს მესამე დარტყმა აღმოჩნდა — პენალტის ნიშნულიდან. ერთი ნაბიჯი, ერთი შეყოვნებული მოძრაობა და დახვეწილი, მშვიდი დარტყმა მეკარის მარცხენა კუთხეში..

ეს გოლი უფრო საქმეს ჰგავდა, ვიდრე სიამოვნებას. თუმცა რაც ფანტაზიაში აკლდა, იმ დიდებულებითა და სიმბოლური სიდიადით შეივსო, რომელსაც იგი განასახიერებდა..


რონალდოსაც და რომარიოსაც თითო ჰეთ-თრიკი ჰქონდათ შესრულებული და, თუ ოდესმე ეჭვი არსებობდა, ამ მომენტში საბოლოოდ აღარავის შეეძლო უარეყო ამ დუეტის გამანადგურებელი შესაძლებლობები.

ავსტრალია არ იყო ყველაზე ძლიერი მეტოქე და არც ისეთი დაცვის ხაზით გამოირჩეოდა, რომლის წინააღმდეგაც მსოფლიოს საუკეთესოებს მაქსიმალურად უნდა დაეძაბათ კუნთები და სამბას სიმფონიები დაეკრათ, მაგრამ ისინი ისეთი ოსტატობითა და საოცარი სიმარტივით განადგურდნენ, რომ ეს „რო-როს“ გენიაზე მეტყველებდა და „ჟოგა ბონიტოს“ სულს აცოცხლებდა..

ამ ლეგენდარული პარტნიორობის მითოლოგიას კიდევ ერთი შრე რომ დაემატოს და იმ მცირე ხელშესახებ მტკიცებულებებს, რაც მათ გამორჩეულ ძალაზე გვაქვს, უფრო მისტიკური ელფერი მიეცეს, მსოფლიო ვერასდროს გაიგებს, რამდენად განსხვავებული შეიძლებოდა ყოფილიყო 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, ბრაზილიას რომ თავისი იდეალური შემტევი დუეტი ჰყოლოდა. რონალდო ფინალში იყო, მაგრამ ფაქტობრივად ავადმყოფობით შეკრული, ხოლო რომარიო ტრავმის გამო საერთოდ გამოთიშული იყო ტურნირს. ბრაზილიელებმა კარგად იციან ეს ფანტაზიები — „რა იქნებოდა, რომ…“, „როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო…“.

შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე, 2002 წელს, რონალდოს გვერდით უკვე რივალდოსა და რონალდინიოს ვირტუოზობა იდგა და არა რომარიო. დაჭრილი, მაგრამ უკიდურესად მოტივირებული რონალდო სწორედ მათთან ერთად დაეხმარა ბრაზილიას მსოფლიო თასის დაბრუნებაში.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად ქცეული და გერმანიასთან ფინალში გადამწყვეტი დუბლის ავტორი, რომარიოს არყოფნაში, „ფენომენომ“ თავის მენტორს მიბაძა და ისე შეასრულა დავალება, როგორც რვა წლით ადრე თავად ასწავლეს.. ამ ორის გავლენა ხელშესახები იყო და ერთად თუ ცალ-ცალკე, მათ ფეხბურთის თამაშის თვით ბუნება შეცვალეს.

თავად ერთ-ერთი ყველა დროის უდიდესი თავდამსხმელი, საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონი ტიერი ანრი თვლიდა, რომ ეს დუო ნაწილობრივ მთელი შემტევი როლის რევოლუციის მიზეზიც იყო:

„რონალდომ, რომარიოსა და ჯორჯ ვეასთან ერთად, ცენტრფორვარდის პოზიცია თავიდან შექმნა. ისინი პირველები იყვნენ, ვინც საჯარიმოდან უკან ჩამოდიოდნენ ბურთის მისაღებად, ფლანგებზე გადადიოდნენ, ცენტრალურ მცველებს თავიანთი გადაადგილებით, აჩქარებებითა და დრიბლინგით იტყუებდნენ და აბნევდნენ.“

მოედანზეც და მის მიღმაც, რონალდოსა და რომარიოს პარტნიორობას ყველაფერი ჰქონდა. ორივეში ერთად თავმოყრილი იყო ყველა ის თვისება, რაც თავდამსხმელს შეიძლება ჰქონდეს — სისწრაფე, ძალა, სიზუსტე, ენერგია, ელეგანტურობა და ავტორიტეტი, რომელიც ვეღარასდროს განმეორდება..

და ბოლოს, როცა მათ იმ ლეგენდარულ შემტევ წყვილებს ვადარებთ, რომლებმაც დროის გამოცდას გაუძლეს, სწორედ მათი ერთობლივი ბრწყინვალების ხანმოკლე ბუნება აძლევს ამ თანამშრომლობას საიდუმლოებით მოცულ ელფერს, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ დიდებას.

ისინი იყვნენ — და შემდეგ აღარ იყვნენ..

რონალდო და რომარიო. ორი უდიდესი ფეხბურთელი, ვისაც კი ოდესმე უთამაშია..

გაზიარება: