ხაბიბი სანახაობრივი მებრძოლი არ ყოფილა? | თოფურიას ცნობილმა პრომოუტერმა უპასუხა
ილია თოფურიამ ედინ როსთან სტუმრობისას ლეგენდარულ ხაბიბ ნურმაგომედოვზე ისაუბრა. „ელ მატადორმა“ განაცხადა, რომ „არწივი“ სანახაობრივი მებრძოლი მხოლოდ ბოლო ორ ჩხუბში იყო და მის მიმართ ინტერესი იმ ფაქტის გამო იყო, რომ დაუმარცხებელი გახლდათ.
თოფურიას სიტყვებს რუსმა პრომოუტერმა, კამილ გაჯიევმა უპასუხა. გაჯიევი ილიას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ „არწივის“ ჩხუბები ძალიან საინტერესო იყო: „პირადად მე, ხაბიბის საბრძოლო სტილში დიდ ენერგიას ვხედავდი, რადგან ის უნიკალურად ჭიდაობდა.
ნურმაგომედოვი თავისუფალი ჭიდაობისა და გრეპლინგის კომბინირებას შესანიშნავად ახდენდა. ეს არის ის, რასაც ძალიან იშვიათად ვხედავთ. წნეხი, არანორმალური კარდიო და ზეწოლა მეტოქეებზე. ჩემი აზრით, მისი ჩხუბები სანახაობრივი იყო. დიახ, რა თქმა უნდა, გვირჩევნია, დგომში მყოფ მებრძოლებს ვუყუროთ, რომლებიც ერთმანეთს სახეებს უნგრევენ, მაგრამ ხაბიბი ასე არ ჩხუბობდა და ამ მხრივ, თოფურია უფრო საინტერესო მებრძოლიცაა.“
ცნობისთვის, ნურმაგომედოვმა კარიერა 29 მოგებითა და 0 მარცხით დაასრულა. ბოლოს მან 2020 წლის ოქტომბერში იჩხუბა და ჯასტინ გეიჯი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.