როგორ იპოვეს უცნობი ქართველი თავდამსხმელი | AS-ის სტატია გულიაშვილზე
გიორგი გულიაშვილმა „რასინგის“ მაისურით ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და „კასტელონთან“ დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველი ფეხბურთელის თამაში ესპანურ პრესას უყურადღებოდ არ დაუტოვებია და ავტორიტეტულმა AS-მა მას სტატია მიუძღვნა.
რასინგის“ სპორტულმა დირექტორმა გარისკა და მანამდე უცნობი ქართველი თავდამსხმელი გაიფორმა, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინაში თამაშობდა და რომელიც ერთ-ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა აღმოაჩენინა. გულიაშვილის ტრანსფერმა გაამართლა და გიორგიმ კასტელონთან დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა
„რას აკეთებს რასინგი და რატომ იფორმებს ქართველ ფეხბურთელს, რომელიც ბოსნია-ჰერცეგოვინაში თამაშობს?“ — ეს კითხვა სანტანდერელ გულშემატკივრებს აუცილებლად გაუჩნდებოდათ მას შემდეგ, რაც ჯერემი არევალო „შტუტგარტში“ წავიდა, ასიერ ვილიალიბრემ ტრავმა მიიღო, ხოლო ხონ კარიკაბურუზე მიღებული უამრავი შეთავაზების ფონზე, ჩემა არაგონმა გიორგი გულიაშვილი გაიფორმა. გულიაშვილი „სარაევოდან“ წაიყვანეს და დრომ აჩვენა, რომ სპორტული დირექტორი არ შემცდარა.
„კასტელონთან“ შესრულებული დუბლის წყალობით, გულიაშვილი ახალ დონეზე ავიდა და, როგორც იქნა, „ცხრიანის“ როლი მოირგო. მას ოთხი გოლის გატანაც შეეძლო: ერთ მომენტში უფრო ძლიერად რომ დაერტყა, მეორე ეპიზოდში კი მეტოქის გუნდი ჟერემი მელოს არ გადაერჩინა, გულიაშვილს პოკერი ექნებოდა, თუმცა არც დუბლია ურიგო შედეგი.
საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა გულიაშვილი „რასინგში“. პასუხი მარტივია: ყველაფერი ჩემა არაგონის დამსახურებაა. სტატისტიკა არაფერ შუაშია — სანტანდერელთა სპორტულ დირექტორს უბრალოდ ფეხბურთი სიგიჟემდე უყვარს და უამრავ თამაშს უყურებს. 2019 წელს არაგონი „მირანდესში“ მუშაობდა და სიმონ გბეგნონი გაიფორმა. ტრანსფერი წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ არაგონი მას თვალს მაინც ადევნებდა და, როდესაც გბეგნონი თბილისის „დინამოში“ გადავიდა, ქართული კლუბის თამაშების ყურებაც დაიწყო.
ერთ-ერთ შეხვედრაში „დინამო“ „საბურთალოს“ დაუპირისპირდა, რომლის რიგებშიც იური ტაბატაძე და „გული“ ასპარეზობდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ არაგონმა გულიაშვილი კიდევ ერთხელ იპოვა — ამჯერად „სარაევოში“. გასულ ზაფხულს „რასინგმა“ მისი გაფორმება სცადა, თუმცა მაშინ არაფერი გამოვიდა. საბოლოოდ, ზამთარში ტრანსფერი დაიხურა და „რასინგმა“ გიორგი 2.5 მილიონ ევროდ იყიდა,“ — წერს AS-ი.
ცნობისთვის, „რასინგი“ და „კასტელონი“ ლა ლიგა 2-ის პირველ-მეორე ადგილებს იკავებენ. სანტანდერელებს 4-ქულიანი ფორა აქვთ და მომდევნო შეხვედრა 8 მარტს, „კორდობას“ წინააღმდეგ ელით.