„ნახევარფინალში გასვლა გვიკვირდა, ისინი კი რას აკეთებენ“ - როდიკი ლებრონზე და ნოლეზე
საჩოგბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ენდი როდიკი გულშემატკივარს საკუთარი მოსაზრებების გამოთქმით ხშირად ანებივრებს, რაც მისი პოდკასტის დამსახურებაა. ვეტერანი ამერიკელი ჩოგბურთელი საკმაოდ საინტერესო სტუმრებს იწვევს, უმეტეს შემთხვევაში კი აქტუალურ სპორტულ თემებზე მონოლოგის რეჟიმში საუბრობს. ამჯერადაც ასე მოხდა და როდიკმა ყურადღება ლეგენდარული ჩოგბურთელის ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ასეთივე კალათბურთელის, ლებრონ ჯეიმსის სიდიადეზე გაამახვილა.
ენდი როდიკი
გასულ კვირაში ლებრონ ჯეიმსი პარკეტს ტრავმით გამოწვეული ერთთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და იცით რამდენი გადაცემა დააგროვა? თორმეტი, რაც პირადად ჩემთვის დაუჯერებელი ციფრია. არ დაგავიწყდეთ, ჯეიმსი NBA-ში 23-ე სეზონს ატარებს და გგონიათ, ისეთივე ათლეტურია როგორიც 20 წლის წინ იყო? არა, მაგრამ მან თავად უკეთ იცის საკუთარი ორგანიზმის შესახებ და სანამ შეუძლია, ქომაგებს მაქსიმალურ სიამოვნებას ანიჭებს.
იგივე აღფრთოვანებით შემიძლია ნოვაკ ჯოკოვიჩზე საუბარი - გასულ წელს ის ოთხივე დიდ სლემზე ნახევარფინალამდე მივიდა და მაინც აკრიტიკებდნენ. ამ დროს ჯიმი კონორსი 1991 წელს ერთ ნახევარფინალში გავიდა მეგობრებო, მხოლოდ ერთში და მახსოვს მთელი ამერიკა როგორი აღტაცებული იყო.
ენდი როდიკს კარიერის მანძილზე დიდი სლემის ტურნირი მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული და მან წარმატებას 2003 წელს, მშობლიურ ამერიკის ღია პირველობაზე მიაღწია. 2004, 2005 და 2009 წლებში კი უიმბლდონის ფინალში ითამაშა, თუმცა სამივე შემთხვევაში ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.