„არ მესმის, როგორ ვერ მოიგო რაფინიამ ოქროს ბურთი“ - დიეგო სიმეონე
„ბარსელონასთან“ წაგებული მატჩის შემდეგ (1:3) მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ შედეგის მიუხედავად, თავისი ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები თამაშით კმაყოფილია.
„კმაყოფილი ვარ, ძალიან მომეწონა ის, თუ როგორ ვითამაშეთ ასეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. კარგად დავიწყეთ, მაგრამ „ბარსელონა“ ახერხებდა, ცენტრალურ ზონაში სარისკო პასების ხარჯზე მომენტების შექმნას - ამაზე მეტი უნდა ვიმუშაოთ. მეორე ტაიმში მათ უფრო კარგად დაიწყეს, ხოლო მატჩის ბოლოს გვქონდა 3 მომენტი, სადაც გოლი ვერ გავიტანეთ.
ხულიან ალვარესისგან ყოველთვის მეტს ვითხოვთ, ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი გუნდისთვის ამ ეტაპზე. ხანდახან ფეხბურთელები არ ამართლებენ მოლოდინებს კონკრეტულ მატჩში, მაგრამ ისინი მაინც განსაკუთრებულები არიან.
რაფინიას თამაში უნდა აღვნიშნო. ის ყველაფერს აკეთებს: შემოდის ცენტრში, გადის ფლანგზე, იწყებს პრესინგს, თამაშობს „ათიანს“, ქმნის მომენტებს, გააქვს გოლები. არ ვიცი, როგორ ვერ მოიგო მან „ოქროს ბურთი“ გასულ წელს. ეს ფეხბურთია და ყველას საკუთარი არჩევანი აქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, ჯილდო მას უნდა მოეგო“.
რაც შეეხება ჰანსი ფლიკს, „ბლაუგრანას“ თავკაცმა „ატლეტიკოსთან“ მატჩს მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა.
„თავს 11 ფეხბურთელით ვიცავდით და სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ. შევძელით მატჩის გაკონტროლება და ხაზებს შორის სივრცეების მოძებნა, რაც ძალიან მომეწონა. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მატჩს ვაკონტროლებდით, შემდეგ დავწინაურდით, ბოლო 15 წუთის განმავლობაში კი „ატლეტიკოს“ შეტევებს ვიგერიებდით და დამსახურებულად მოვიგეთ.
მიხარია, რომ რაფინია დაბრუნდა, ის გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ზოგიერთი ფეხბურთელი ჯერ 100%-ით მზად არაა, მაგრამ მათი დაბრუნება მახარებს. პედრის ტრავმა არ აქვს, ის უბრალოდ დაიღალა. რაც შეეხება დანი ოლმოს, არის ეჭვი, რომ მან მხარი ამოიგდო, მაგრამ ზუსტად ყველაფერი დილით გვეცოდინება“.
ცნობისთვის, „კამპ ნოუზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში „როხიბლანკოს“ შემტევმა, ალექს ბაენამ გახსნა, „ბარსელონამ“ კი პირველ ტაიმში რაფინიას ზუსტი დარტყმით უპასუხა. მეორე ტაიმში დანი ოლმომ „ბლაუგრანა“ დააწინაურა, მატჩის ბოლო წუთებზე კი შეცვლაზე შესულმა ფერან ტორესმა იან ობლაკს მესამე გოლი გაუტანა.