„მიქაუტაძეს მატჩის შემოტრიალება შეუძლია“ | მეცის მთავარი მწვრთნელის კომენტარი
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში ქართულ დერბის ვიხილავთ. გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცი“ გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ დაუპირისპირდება. „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფან ლე მინანმა „ლიონის“ ქართველ თავდამსხმელზე ისაუბრა.
„ლანსთან შეხვედრაში ლიონმა კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა. მეორე ტაიმში პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ლანსთან სტუმრად ასპარეზობა მარტივი არავისთვისაა. ლიონი მატჩისთვის ძალიან კარგად მოემზადა და მართალია, მედარებით პატარა განაცხადით იყო, მაგრამ ხარისხი მაინც აჩვენა.
მიქაუტაძის შესაჩერებელი გეგმა? კონკრეტული გეგმა არ არსებობს, მაგრამ ყურადღება არც ერთი წამით არ უნდა მოვადუნოთ. ნახევარი სივრცე რომ მივცეთ, აუცილებლად გამოიყენებს. მიქაუტაძე არის მოთამაშე, რომელსაც მატჩის ბედის შემოტრიალება შეუძლია, მაგრამ ლიონის ერთადერთი ფეხბურთელი არაა, რომელსაც ეს გამოსდის. მალიკ ფოფანა და კორენტინ ტოლისოც უნდა გამოვარჩიოთ.“
შეგახსენებთ, რომ „ლიონმა“ პირველი ტური 1:0 მოიგო და „ლანსი“ დაამარცხა. „მეცი“ „სტრასბურგთან“ იმავე ანგარიშით წააგო. „ლიონისა“ და „მეცის“ მატჩი თბილისის დროით, 23:05-ზე დაიწყება.