„გასპერინი მისგან უფრო ცენტრალურ როლს მოითხოვს“ | იტალიაში კვერნაძეზე ისაუბრეს
„ტორინოს“, „ლეჩესა“ და „ატალანტას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სიმონე ტირიბოკიმ, რომელიც ექსპერტად მუშაობს, გიორგი კვერნაძეზე ისაუბრა. ქართველ შემტევს „რომას“ უკავშირებენ და ტირიბოკის აზრით, ჯანპიერო გასპერინის გუნდში სათამაშოდ მას მეტი უნივერსალიზმი სჭირდება.
„გიორგი კვერნაძე კარგად გამოიყურება, პროგრესირებს, გოლები გააქვს და უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. საჭიროა გავარკვიოთ, რომაში ტრანსფერის შემთხვევაში რა პოზიციაზე ითამაშებს.
ფროზინონეში გარემარბად, გვერდითა ხაზთან ახლოს თამაშობს, ჯანპიერო გასპერინი კი მისგან მოითხოვს, უფრო ცენტრში იყოს შეწეული და სხვანაირი მოძრაობები ჰქონდეს. უნდა ვნახოთ, შეუძლია თუ არა მას უფრო ცენტრალურ პოზიციაზე თამაში“.
ცნობისთვის, კვერნაძეს რამდენიმე კლუბი აკვირდება და იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, „ფროზინონე“ მის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს მოითხოვს. გიორგის კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა.