„დედაჩემზე ხშირად ვნახულობ“ - ალკარასი სინერთან მეტოქეობაზე
იანიკ სინერი ტურინში მიმდინარე წლის შემაჯამებელ საჩოგბურთო ტურნირზე გამოსვლას დამაჯერებლად განაგრძობს. ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში იტალიელმა ჩოგბურთელმა ალექსანდრ ზვერევს ორ სეტში, 6:4, 6:3 მოუგო და გერმანელი ყველა შეჯიბრების ჩათვლით ზედიზედ მეხუთედ დაამარცხა. სინერის მთავარი კონკურენტი კარლოს ალკარასი მეორე იტალიელ ლორენცო მუსეტის დღეს შეხვდება, იქამდე კი სოციალურ ქსელში მსოფლიოს ჩოგბურთის ლიდერებს შორის საინტერესო დიალოგი შედგა.
კარლოს ალკარასი
იანიკს ჯერ კიდევ ზაფხულში ვუთხარი, რომ მას უფრო ხშირად ვნახულობ, ვიდრე დედაჩემს. დავიღლები თუ არა ოდესმე მის წინააღმდეგ თამაშით? არასოდეს.
იანიკ სინერი
ეს კარგიც არის და ცუდიც, თუმცა მე და კარლოსს ერთმანეთის დანახვა ყოველთვის გვახარებს. ერთობლივი ვარჯიშები, ერთმანეთის უკეთ გაცნობა, მატჩისწინა პროცედურები - ეს ყველაფერი არის ის, რაც ჩვენს კიდევ უფრო დაახლოებას უწყობს ხელს. ბევრჯერ პირად ცხოვრებაზეც გვისაუბრია და შთაბეჭდილებები გაგვიზიარებია.
კარლოს ალკარასი
ჩვენი მეტოქეობა პროფესიონალიზმის ნაწილია. მატჩის დროს კორტზე ერთმანეთის სუსტ წერტილებს ვეძებთ, შეხვედრის დასრულებისთანავე კი ხელს ჩამოვართმევთ და კარგი მეგობრები ვხდებით.
შეგახსენებთ, რომ ბოლო სამ დიდი სლემის ტურნირზე სწორედ ამ ჩოგბურთელებს შორის შედგა ფინალი - როლან გაროსსა და ამერიკის ღია პირველობაზე უფრო ძლიერი კარლოს ალკარასი აღმოჩნდა, უიმბლდონზე კი გამარჯვება იანიკ სინერმა მოიპოვა.