ვის შეუძლია პრობლემები შეუქმნას | მახაჩევის მწვრთნელმა ილიაზე ისაუბრა
ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა ილია თოფურიას შესახებ ისაუბრა. ლეგენდარული სპეციალისტი „ელ მატადორისა“ და ჩარლზ ოლივეირას ორთაბრძოლას გამოეხმაურა და დაასახელა მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლები, რომლებიც მისი აზრით, ილიას ყველაზე დიდ პრობლემებს შეუქმნიან.
„ილიამ უაღრესად შთამბეჭდავი გამოსვლა აჩვენა და ქებას იმსახურებს. ბრწყინვალე მებრძოლია, უდიდესი თვითრწმენა აქვს და ჩხუბამდე დაასახელა რაუნდი, რომელშიც ოლივეირას დაანოკაუტებდა და ზუსტად ეს გააკეთა. აღმაფრთოვანებელი ბრძოლა იყო, რომელმაც აჩვენა, რომ ილია მსუბუქ წონით დივიზიონშიც მაღალ დონეზეა. ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა - ეს სასიხარულოა როგორც UFC-ისთვის, ისე გულშემატკივრებისთვის.
არის თუ არა საუკეთესო სტრაიკერი? საუკეთესო მოკრივე ნამდვილადაა. ადრეც მითქვამს, რომ MMA-ში საუკეთესო ხელები სწორედ მას აქვს და ახლაც იმავე პოზიციაზე ვრჩები. სრულყოფილი მებრძოლია. საუკეთესო სტრაიკერი? არა, ეს სხვა დონეა, მაგრამ ტოპ მოკრივე ნამდვილადაა.
ვის შეუძლია პრობლემები შეუქმნას? ჯასტინ გეიჯის. არმან ცარუკიანსაც იგივე შეუძლია. არმანი დგომში არ დარჩება და მთელ აქცენტს გრეპლინგზე გადაიტანს. საინტერესოა, გადაურჩება თუ არა ილია ცარუკიანის შეტევებს პარტერში, თუმცა შთამბეჭდავი იყო, რაც ოლივეირასთან მიწაზე ყოფნისას გააკეთა“.
შეგახსენებთ, რომ თოფურია UFC-ის მეათე მებრძოლია, რომლებსაც ორი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოუპოვებიათ. ღონისძიების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ილიამ განაცხადა, რომ მზადაა, წლის ბოლოს კიდევ ერთხელ იჩხუბოს.