ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მისი გაკრიტიკება ძალიან რთულია“ - ფრანგული მედია ხვიჩას თამაშზე

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალში, პსჯ ინტერ მაიამის დაუპირისპირდა და 4:0 დაამარცხა. ხვიცა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. კვარა მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და მეტოქის კართან რამდენიმე მომენტიც შექმნა, თუმცა თამაში საგოლე მოქმედების გარეშე დაასრულა.

ხვიჩას მომენტები ინტერ მაიამისთან:

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრანგულმა მედიამ ხვიჩას პერფონმანსი შეაფასა.

რას წერენ სააგენტოები:

Footmercato – 7.5 ქულა: ქართველმა თავისი თამაშით ფლორიდელი მცველები სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. პრაქტიკულად, ის არასდროს წყვეტდა წინსვლას. მე-4 წუთზე კვარაცხელიას საგოლე პასის ჩაწერა შეეძლო, თუმცა, მისი პასის შემდეგ ბარკოლამ რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. 24 წლის შემტევი მუდმივად ახდენდა პროვოცირებას მეტოქის დაცვაზე, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტ სიჯიუტეს ავლენდა, როდესაც დრიბლინგზე მიდიოდა, სანაცვლოდ კი გამამწვავებელი პასების გაკეთება შეეძლო. დაცვაში ტრადიციულად თავდადებით თამაშობდა და პრესინგის თამაშის დროს ერთ-ერთი არქიტექტორი იყო.

Maxifoot – 6.5 ქულა: ქართველმა გარემარბმა ვერ გაიტანა, მაგრამ პირველ ტაიმში ბევრი ლამაზი ეპიზოდი ჰქონდა. ვაიგანდტს ტკივილიც მიაყენა, რომელმაც მატჩი ზურგის ტრავმით დაასრულა. შესვენების შემდეგ კვარაცხელია ნაკლებად შესამჩნევი გახდა და თანაგუნდელებს შენიშვნებიც მისცა, რადგან გრძნობდა, რომ თანაგუნდელები მას არასაკმარისად ემსახურებოდნენ.

Le Parisien – 6.5 ქულა: ქართველი კვლავ ენერგიით იყო სავსე და მეტოქის დაცვას მორიგი გამოცდა ჩაუტარა, თუმცა მისი შეკავება ვერ შეძლეს. პირველ ნახევარში დაცვის სუსტი წერტილები იდეალურად გამოიყენა და რამდენიმე შანსი შექმნა. მას უბრალოდ გადამყვეტი მოქმედება დააკლდა, რაც მას საუკეთესო მოთამაშის წოდებას მისცემდა.

90min – 7 ქულა: როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ქართველი მარცხენა ფლანგზე ძალიან აქტიური იყო. იმის მიუხედავად, რომ შეტევაში დასკვნითი ფაზები წარმატებული არ ჰქონდა, მეტოქის დაცვას საქმე საგრძნობლად გაურთულა.

Parisfans – 6 ქულა: პსჟ-მა ზამთარში შესანიშნავი მოთამაშე შეიძინა, რომელიც მეტოქის დაცვას თითქმის ყველა მატჩში აზარალებს. რიგ ეპიზოდესი, თამაში უფრო მარტივადაც შეუძლია, მაგრამ მისი შრომისმოყვარეობის გათვალისწინებით, რთულია რამეში გააკრიტიკო.

ამ გამარჯვებით, პარი სენ-ჟერმენმა 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მიუნხენის „ბაიერნსა“ და „ფლამენგოს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩი დღეს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა მესის წინააღმდეგ - პსჟ-მა ინტერ მაიამი გაანადგურა
კვარა მესის წინააღმდეგ - პსჟ-მა ინტერ მაიამი გაანადგურა