კვარა მესის წინააღმდეგ - პსჟ-მა ინტერ მაიამი გაანადგურა
დღეიდან, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპი დაიწყო, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენმა გამარჯვებით გახსნა. პსჟ მერსედეს ბენც სთედიუმზე „ინტერ მაიამის“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ბოლომდე შეუცვლელად ითამაშა. ქართველ შემტევს შედეგიანი საგოლე მოქმედება არ ჰქონია, თუმცა, მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და გოლის გატანის რამდენიმე მცდელობაც ჰქონდა.
რაც შეეხება გოლებს, ანგარიში მე-6 წუთზე ჟოაო ნევეშმა გახსნა, 39-ე წუთზე კი მაიამელთა კარში დუბლი შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა. 44-ე წუთზე, ავილესის ავტოგოლით ანგარიში 3:0 გახდა, საბოლოო ანგარიში კი პირველი ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე აშრაფ ჰაიკიმიმ დააფიქსირა.
ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 70 შეხება, 54-დან 52 ზუსტი პასი (96%), 1 საკვანძო პასი, 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, კარისკენ 3 დარტყმა - 1 ზუსტი, 2 არაზუსტი, 8 დრიბლინგის მცდელობიდან 3 ზუსტად შესრულებული. 13 პოზიციური დუელიდან 6 მოიგო, 2 ართმევა. Sofascore-ზე მისი თამაში 7.2 ქულით შეფასდა.
ხვიჩას მომენტები ინტერ მაიამისთან:
ამ გამარჯვებით, პარი სენ-ჟერმენმა 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მიუნხენის „ბაიერნსა“ და „ფლამენგოს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩი დღეს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან გაიმართება.