მესისთან და რამოსთან ერთად - კვარა სიმბოლურში მოხვდა
ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ მაშინვე გუნდის წამყვან ფეხბურთელად იქცა და თუ რომელიმე ტურნირზე საფრანგეთის ბოლო წლების საუკეთესო კლუბი წარმატებას აღწევს, ამაში 24 წლის ქართველი ფეხბურთელი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ასე მოხდა ამჯერადაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც კვარაცხელია ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში, რომელიც ცნობილმა ვებ-გვერდმა WhoScored.com-მმა გამოაქვეყნა, ლიონელ მესისთან, სერხიო რამოსთან და სხვა ვარსკვლავებთან ერთად შეიყვანეს.
ჯგუფური ეტაპის სიმბოლური ნაკრები
მეკარე: იასინ ბონო (ალ-ჰილალი) მცველები: სერხიო რამოსი (მონტერეი), ნიკოლას ოტამენდი (ბენფიკა), ალექსანდრ ბარბოსა (ბოტაფოგო).
ნახევარმცველები: მაიკლ ოლისე (ბაიერნი), რუბენ ნევეში (ალ-ჰილალი), კენან ილდიზი (იუვენტუსი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ).
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), ლუის სუარესი (ინტერ მაიამი), გონსალო გარსია (რეალი).
ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელიამ ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და „ატლეტიკოსთან“ თავი ორი საგოლე პასით გამოიჩინა, ხოლო „სიეტლთან“ ერთი გოლი გაიტანა.