„კვარამ მითხრა, თუ გინდა, სკამზე დამსვიო“ | სანიოლმა პორტუგალიასთან მატჩი გაიხსენა
2024 წლის 26 ივნისს, ზუსტად ერთი წლის წინ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა. „ჯვაროსნებმა“ პორტუგალია 2:0 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან გავიდნენ. ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა „სელესაოსთან“ გამართული მატჩი გაიხსენა და L’Equipe-ს ინტერვიუ მისცა.
„ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა უკვე მიღწევა იყო, რადგან საქართველოს ასეთ დიდ ტურნირზე არასდროს უთამაშია. ჩვენთვის მთავარი გახლდათ, კარგი შთაბეჭდილება დაგვეტოვებინა. ჩეხეთთან გამართული მატჩის შემდეგ, სიხარული დაგვეუფლა, რადგან მივხვდით, რომ რაღაც უფრო დიდის გაკეთება შეგვეძლო. ფეხბურთელები ამბობდნენ: „რატომაც არა, რომ ჯგუფიდან გავიდეთ?!“.
მთავარი მწვრთნელი ვარ, მაგრამ ფეხბურთელები მეხმარებიან, რომ რწმენა მქონდეს. უნდა მიხვდეთ და გაითავისოთ, ქართველებს როგორი მენტალიტეტი აქვთ. ისინი ემოციური ადამიანები არიან. ერთ მომენტში შეიძლება, ძალიან ბედნიერი იყვნენ, ხუთი წუთის შემდეგ კი, ხასიათი რადიკალურად შეეცვალოთ. ამის დასაბალანსებლად, ვცდილობ, მათგან განსხვავებული და სუპერ მშვიდი ვიყო, როცა ვხედავ, რომ ჩემი ფეხბურთელები ძალიან აღფრთოვანებული და ენერგიულები არიან.
ორ-სამ მოთამაშეს თუ არ ჩავთვლით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების დიდ ნაწილს არავინ იცნობდა. შეხვედრის დაწყებამდე, ჩვენს საუკეთესო ფეხბურთელთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან დიალოგი მქონდა. სათამაშო ფორმის მხრივ, მცირე პრობლემები ჰქონდა და მოვიდა და მითხრა: „მწვრთნელო, თუ გინდა, სათადარიგოთა სკამზე დამტოვე. გავიგებ. ვიცი, რომ მაღალ დონეზე ვერ ვთამაშობ“. კვარას ვკითხე, ნაპოლიში მთელი სეზონის განმავლობაში შესანიშნავი რატომ იყავი-მეთქი და მიპასუხა: „თავისუფლად ვგრძნობდი თავს. ახლა კი, მხრებზე ტვირთი მაწევს“. საქართველოში კვარაცხელია ისეა, როგორც ზიდანი - საფრანგეთში, მაგრამ ზიზუზე 100-ჯერ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა. ხვიჩა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტი“.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ პორტუგალია 2:0 დაამარცხა. „ჯვაროსნების“ მხრიდან გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ გაიტანეს.