„ოლივეირა ყოველთვის კარგად ჩხუბობს სტრაიკერებთან“ - მახაჩევის პროგნოზი
მსუბუქი წონის ექსჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა, რომელიც ქვესაშუალო წონაში გადავიდა და მოქმედ ჩემპიონს, ჯეკ დელა მადალენას დაუპირისპირდება, MMA Junkie-სთან ინტერვიუში ქამრის დათმობაზე, თოფურია-ოლივიერას ჩხუბზე და სხვა თემებზე ისაუბრა.
ისლამ მახაჩევი:
„არმან ცარუკიანთან ჩხუბს ველოდებოდი, იმიტომ რომ მას მოგებების კარგი სერია ჰქონდა და ხალხს ჩვენი ჩხუბი აინტერესებდა. ის ბრძოლას ჩაეხსნა, მე კი სხვა საინტერესო მეტოქეებს მსუბუქ წონაში ვერ ვხედავ. ამიტომ გადავწყვიტე, ავიდე ქვესაშუალო წონაში, იმიტომ რომ მათ ჰყავთ ახალი ჩემპიონი ძლიერი მებრძოლის, ჯეკ დელა მადალენას სახით და ეს არის ჩემთვის ყოველდღე დილით ადრე გაღვიძებისა და ვარჯიშის მოტივაცია.
როდესაც დაღესტანში ჰანთერ კემპბელი ჩამოვიდა, ყველას ეგონა, რომ ის ილია თოფურიასთან ჩხუბზე სალაპარაკოდ იყო ჩამოსული, მაგრამ ჩვენ იმაზე ვისაუბრეთ, რომ ვისაც არ უნდა გაემარჯვა ბელალისა და ჯეკის ჩხუბში, მე მას ვეჩხუბებოდი. ჰანთერმა მითხრა, - „ვიცი, რომ ბელალი შენი მეგობარია, მაგრამ ეს სპორტია, იჩხუბეთ, ერთმანეთს ხელი ჩამოართვით და პატივი ეცით ერთმანეთს. გაარკვიეთ, ვინ არის ამ წონაში საუკეთესო“.
ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია იმის თქმა, რომ ერთდროულად ორ ქამარს ფლობდნენ. მინდოდა, მსუბუქი წონის ქამარიც შემენარჩუნებინა, მაგრამ დელა მადალენას მხოლოდ ოქტომბერ-ნოემბერში თუ ვეჩხუბები. შემდეგ თებერვალში რამადანი იწყება, ხოლო მთელი წლის განმავლობაში ქამრის შენარჩუნება (ჩხუბის გარეშე) არ მინდოდა. ეს სხვების მიმართ უპატივცემულობაა. შესაძლოა, მომავალში ისევ მსუბუქ წონაში დავბრუნდე. თუ საინტერესო ვარიანტი იქნება, ამას განვიხილავ.
ვინ გაიმარჯვებს ილიასა და ჩარლზის ჩხუბზე? ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ შეძლებს თავისი სამოქმედო გეგმის განხორციელებას. თუ ოლივეირა ილიას პარტერში გადაიყვანს, შეუძლია, ადვილად დააფინიშოს. თუ თოფურია გამოიჭერს ოლივეირას - დააძინებს. ჩარლზი ყოველთვის კარგად ჩხუბობს სტრაიკერებთან - პორიე, ჩენდლერი... თუ ჩარლზს მცირე შანსი მიეცა, აუცილებლად დააფინიშებს ილიას, მაგრამ ჩემი პროგნოზი 50/50-ზეა.
ვინ უნდა იყოს შემდეგი პრეტენდენტი? ვიცი, რომ ახლა ცარუკიანი სატიტულო ჩხუბს აზღვევს. თუ ის წონას ჩააბარებს და დაუმტკიცებს ყველას, რომ ამის გაკეთება შეუძლია, ის აუცილებლად უნდა იყოს შემდეგი“.
ცნობისთვის, ილია თოფურია და ჩარლზ ოლივეირა ერთმანეთს ლას ვეგასში, UFC 317-ზე დაუპირისპირდებიან. მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტური ტიტულისთვის გასამართი ჩხუბი ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება და თბილისის დროით 29 ივნისს, 08:00 საათიდან დაიწყება.
მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ისლამ მახაჩევმა ქვესაშუალო წონაში ასვლის გადაწყვეტილება მიიღო.