„თავს საუკეთესოდ ვგრძნობ, ასე არასდროს ვყოფილვარ“ - თოფურიას პრესკონფერენცია
მიმდინარე კვირის ბოლოს, ილია თოფურია UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში თავის პირველ სატიტულო ბრძოლას გამართავს. „მატადორის“ მეტოქე ორგანიზაციის ლეგენდარული მებრძოლი, ჩარლზ ოლივეირა იქნება.
დღეს გამთენიას, UFC 317-ის მედიადღე იყო, სადაც მებრძოლებმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. მათ შორის იყო ილია თოფურიაც, რომელმაც მედიის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საინტერესო საკითხზე ისაუბრა.
ილია თოფურიას პრესკონფერენცია:
არის თუ არა კარიერაში ყველაზე დიდი ბრძოლა? არ ვიცი, რა გითხრათ... გულწრფელად რომ გიპასუხოთ, იმავეს ვგრძნობ, რასაც ვოლკანოვსკისთან და ჰოლოუეისთან ვგრძნობდი.
ჩარლზმა თქვა, რომ ყოველთვის წინ წამოვა? ეს იქნება ის, რის გაკეთებასაც ეცდება, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ამას შეძლებს. რა თქმა უნდა, გამარჯვებას ეცდება, მაგრამ... ბუნებრივია, ეს მისი საქმეა, ეცდება თავდაჯერებული იყოს.
ორი წუთი ირბენს? არა, არა... ამას არ გააკეთებს, ეცდება შეტევაზე წამოსვლას, მე კი ჩემი თამაშის თამაშს ვაიძულებ.
ვოლკანოვსკისთან შეხვედრა? მისი ნახვა გამიხარდა. ყოველთვის სასიამოვნოა ვოლკთან შეხვედრა. მიხარია, რომ ტიტული დაიბრუნა და მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.
ისლამთან ბრძოლა? ჩემთვის უფრო კარგი იქნება, თუ მას ქვესაშუალო წონაში შევხვდები. დავამარცხებ და მესამე ტიტულს მოვიპოვებ. ეს ჩემთვის საუკეთესო სცენარი იქნება.
რამდენად კომფორტულია წონის შეცვლა? ორი განსხვავებული სიტყვაა, ქვემსუბუქი და მსუბუქი წონა. წონის კლება დიდად არ მიწევს და საწვრთნელი ბანაკიდან, მთელი ამ პროცესიდან დიდი სიამოვნება მივიღე. ახლა, დღეს, თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ და ამ პერიოდში, როდესაც ქვემსუბუქ წონაში ვიყავი, საგრძნობლად ცუდად ვგრძნობდი. სწორედ ამის გამო ვფიქრობ, რომ ბრწყინვალე გადაწყვეტილება მივიღე. აქამდე, მსუბუქ წონაში UFC-ში ერთი ბრძოლა მქონდა და მაშინ, საკმაოდ კარგად გამოვიყურებოდი. მაგრამ ახლა უფრო გამოცდილი ვარ და საერთოდ განსხვავებულ ბრძოლას იხილავთ.
რომელ ადგილზე დავაყენებდი ჩარლზს რეიტინგში ვოლკის და მაქსის შემდეგ? პირველ ადგილზე ვოლკანოვსკია, მეორეზე ჰოლოუეი, მესამეზე კი ჩარლზ ოლივეირა.
ჩემი და რონალდუს ურთიერთობა? ყველაფერი კარგადაა.
რეალში ჩაბი ალონსოს დანიშვნა? ძალიან მიხარია. ვფიქრობ, გუნდში დიდ სამუშაოს შეასრულებს, რითაც უფრო და უფრო მეტ ტიტულს მოვიპოვებთ, როგორც ყოველთვის.
ჯაი ჰერბერტთან ბრძოლა. იხილავთ თუ არა უფრო მეტ ძალას? არ ვიცი... მგონია, რომ ახლა უკეთესი მებრძოლი ვარ, უფრო ბუნებრივი და გამოცდილი. რა თქმა უნდა, წინა ბრძოლებთან შედარებით, ჩემს გაცილებით უკეთეს ვერსიას იხილავთ.
მოვა თუ არა რამოსი ჩემს ჩხუბზე? არ ვიცი, შესაძლოა, მოვიდეს. მასთან არ მისაუბრია.
რატომ არ ვურტყამ ფეხებს ტანში და თავში? ფეხით დარტყმები არასდროს ყოფილა ჩემი, როგორც მებრძოლის დონის განმსაზღვრელი. არ ვიცი, არასდროს მომწონდა ტანში და თავში ფეხით დარტყმები.
ანტონიო ბანდერასთან ერთად სიმღერა და გიტარაზე დაკვრა. რას დავარქმევდი ჩემს ბენდს? მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ისევე როგორც თქვენი ცხოვრების. ყველას გვიყვარს მუსიკა. გიტარაზე არ ვუკრავ, მხოლოდ სატელევიზიო შოუსთვის ვისწავლე რამდენიმე აკორდი. გიტარის მცოდნედ არ გამოვდგები.
არის თუ არა ჩარლზი საუკეთესო მებრძოლი მსუბუქ წონაში? 100%-ით. დღეისთვის, ის მსუბუქ წონაში საუკეთესო მებრძოლია. თუ ისლამს არ განვიხილავთ, მაშინ ჩარლზი ნამდვილად საუკეთესოა.
პედი პიმბლეტთან ბრძოლა? ამ ჩხუბს შეუძლია, UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. კიდევ მაქვს თუ არა პედისთან გაბრაზება? ახლა არ ვცდილობ აქ რაიმე პირადულის ჩართვას, ყველაფერს პროფესიონალურად ვუდგები. თუ უნდა, რომ ჩემთან სატიტულო ბრძოლა მიიღოს, ჯერ ჯასტინ გეიჯის უნდა ეჩხუბოს. თუ არმან ცარუკიანს შეხვდება, მგონია, რომ არმანი დაამარცხებს. ამიტომ, მისთვის სატიტულო ბრძოლის ყველაზე მარტივი გზა ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბია.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი ქვემსუბუქ წონით დივიზიონში, ალექსანდრ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ მოიპოვა, რომელიც შემდეგ მაქს ჰოლოუეისთან დაიცვა. ამის შემდეგ „მატადორმა“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი ვაკანტური გახადა და მსუბუქ წონაში გადაინაცვლა, სადაც ქამრისთვის 29 ივნისს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ იჩხუბებს.