„შანსს არ მივცემ, მირჩევნია ქამარი დავთმო“ - თოფურია VS ცარუკიანი გრძელდება
ილია თოფურიას მსუბუქ წონით დივიზიონში გადასვლისა და განსაკუთრებით საჩემპიონო ქამრის მოგების შემდეგ, მასსა და არმან ცარუკიანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. სომეხ მებრძოლს აქამდე მხოლოდ დენა უაითის მისადმი დამოკიდებულება აღიზიანებდა, თუმცა ახლა უკვე კარგად ხვდება, რომ „ელ მატადორის“ საოცარი სვლის ფონზე, დივიზიონის ჩემპიონობა მისთვის შეუძლებელი ხდება. როდის შედგება მასსა და არმანს შორის სატიტულო ჩხუბი, ამაზე ილიამ საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა და ცარუკიანის პასუხმაც არ დააყოვნა.
ილია თოფურია
როდესაც ჩხუბისთვის მოსამზადებლად ამხელა ძალისხმევას დებ, არ გინდა შენი მეტოქე იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც შესაძლოა ჩხუბს ერთი დღით ადრე გამოეთიშოს. დავუშვათ დავთანხმდი არმანთან დაპირისპირებას, მაგრამ არ დავთანხმდები, რადგან მისი ფრაზები: „ვაიმე, წელი ამტკივდა“ საერთოდ არ მადარდებს.
სატიტულო ჩხუბში არმან ცარუკიანთან დაპირისპირება გამორიცხულია, მას ამის შანსს არ მივცემ. ამას მირჩევნია არჩევანის წინაშე თუ დამაყენებენ, ქამარი დავთმო.
არმან ცარუკიანი
საკუთარ თავს ჩემპიონს უწოდებს და უკვე გასასვლელს ეძებს. შეუძლია ტიტულზე უარი თქვას, რადგან თუ არ იტყვის, მე წავართმევ.
ცნობისათვის, არმან ცარუკიანმა ბოლო ბრძოლა 2024 წელს ჩაატარა და ჩარლზ ოლივეირა მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. რაც შეეხება ილია თოფურიას, მან უკანასკნელი წელიწადნახევრის მანძილზე როგორც ქვემსუბუქი, ასევე მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი მოიგო.