სპორტინგმა ვილიარეალი დაამარცხა | რატომ არ ითამაშა ქოჩორაშვილმა?
Troféu Cinco Violinos-ი ყოველწლიური წინასასეზონო ტურნირია, რომელიც 2012 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორი „სპორტინგია“. მისი მონაწილეები ერთ შეხვედრას მართავენ და გამარჯვებული ტიტულის მფლობელი ხდება.
2024 წელს, „ლომების“ მეტოქე „ბილბაო“ იყო, წლეულს კი ისინი „ვილიარეალს“ დაუპირისპირდნენ. „სპორტინგმა“ მინიმალური ანგარიშით იმარჯვა და 1:0 მოიგო. მატჩის ერთადერთი გოლი მერვე წუთზე გავიდა. მისი ავტორი მორტენ ჰიულმანდია, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, პორტუგალიური პრესის ინფორმაციით, მას მცირე ფიზიკური პრობლემა აქვს. „ქოჩომ“ „სპორტინგში“ გადასვლამდე ტრავმა მიიღო და Record-ის ცნობით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რუი ბორჟესმა გადაწყვიტა, მას „ვილიარეალთან“ არ ეთამაშა. ქოჩორაშვილის მდგომარეობას დიდი სიფრთხილით უდგებიან და ბორჟესმა აღარ გარისკა — მით უმეტეს, რომ ხუთშაბათს „ბენფიკასთან“ სუპერთასის მატჩი ელით.
ცნობისთვის, „არწივებისა“ და „ლომების“ დაპირისპირება თბილისის დროით, 23:45-ზე დაიწყება და ქოჩორაშვილს შეეძლება, პირველი ტიტული დაისაკუთროს.